"ილია მეორე დღეს პატრიარქის ტახტის დატოვებას აპირებდა"

ამ დრომდე უცნობია საქართველოს პატრიარქის პოზიცია ახლა უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით. ილია მეორე მედიასთან და მრევლთან არ გამოჩენილა. ოფციალურად მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. დღეს პატრიარქის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ ამჟამად უწმინდესი თავს უკვე კარგად გრძნობს. ტელეკომოპანია  "პირველი" კი წყაროზე დაყრდნობით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მისი ცნობით, უწმინდესი დღეს პატრიარქის ტახტის დატოვებას აპირებდა და "სწორედ ამიტომ გავლენიანმა ჯგუფებმა თბილისს გაარიდეს". 

არხის ცნობით, საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ უწმინდესი ბობოყვათში იმყოფება, პირადმა ექიმმა კი არხს უთხრა, რომ მცხეთაშია. 

ცნობითვის: მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამაში მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, როგორც გავლენიანი სასულიერო პირი ამბობს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

როგორც პატრიარქის უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსი ირწმუნება, შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სწორედ კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია ესწრებოდნენ. მას არ დაუკონკრეტებია შეხვედრის გამართვის კონკრეტული თარიღი.

“მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო გომელაური. კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა მეუფე იაკობმა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ილია მეორეც.

სასულიერო პირის თქმით, პატრიარქ ილია მეორის გადაყენების შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხრტიშვილი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შემდეგ ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირებს დაავალა ამის განხორციერლება.

როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მისგან დახმარება იმიტომ ითხოვეს, რომ ის არის საპატრიარქოში გავლენიანი სასულიერო პირი.

“დღევანდელ ხელისუფლებაზე ყველანაირი დოკუმენტი მაქვს. ეს ხელისუფლება არის კანაფის ხელისუფლება…

პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე თეოდორე ვიცი, არც მეუფე შიო. ისინი არ არიან ჩარეული. სხვა მეუფეები ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგიც სხვაგან, მაგათ პირდაპირ დავარტყამ”, – ამბობს მეუფე იაკობი.

ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები – ირაკლი შოთაძე და ოთარ ფარცხალაძე – მას ფულს სძალავდნენ და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა მეუფე იაკობს ამ შემთხვევის დეტალები არ უხსენებია.

როგორც ქორეპისკოპოსი ირწმუნებოდა, ციანიდის საქმე წინასწარ იყო დაგეგმილი და მისი მიზანი პატრიარქის მკვლელობა იყო, ხოლმე მის დაგეგმვაში დეკანოზ მამალაძესთან ერთად ჩართულები იყვნენ მეუფე პეტრე, ასევე თანამდებობის პირები, ხოლო თავად მამალაძე ამ საქმისთვის “მეუფე დიმიტრიმ და სოსომ [სავარაუდოდ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი] შეარჩიეს”.

მეუფე იაკობის თქმით, მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

გიორგი გახარია ბრალდებას უარყოფს, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია კი უცნობია. 

მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა დღეს დატოვა, მანამდე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა ორიოდ დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა