თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისში, თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისივე თქმით, პაციენტს ამ ეტაპზე ჯანმრთელობის გაუარესება არ აქვს. 

ცნობისთვის: თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 77 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა