ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შიმშილი დაიწყო

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მოსახლეობის ნაწილი უკვე შიმშილის ზღვარზეა,- ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი იუწყება.

"ჩვენს გვერდით ადამიანები შიმშილობენ. იმისთვის, რომ ცხელი სადილი ჰქონდეთ, ზოგიერთები საავადმყოფოებში წვებიან. მარტოხელა მოხუცებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსია იყო, ეს წყარო ამოეწურათ. თანაც კვირის სამყოფ საკვებს მათ ან ოჯახის წევრები უგზავნიდნენ, ან თავად მიდიოდნენ [საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდნენ]. ახლა ეს ადამიანები სრულ იზოლაციაში არიან. დღეს გავიგე, რომ ადგილობრივებმა მათთვის საკვების შეგროვება დაიწყეს",- იუწყება თამარ მეარაყიშვილი.

ცნობისთვის: გადასასვლელების ჩაკეტვას ოსურმა მხარემ ქართული საპოლიციო საგუშაგოს წლელისში გახსნას უკავშირებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული რიგით მეექვსე შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს, დილით ცხინვალის რეანიმაციაში ახალგორელი მარგო მარტიაშვილი ინსულტით გარდაიცვალა. ის 70 წელს იყო გადაცილებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისში სამკურნალოდ დე ფაქტო საზღვარზე არგადაშვებამ პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. წნელისის საგუშაგოს განთავსების შემდეგ ახალგორებლებისთვის თბილისის კლინიკაში ჰოსპიალიზაცია მხოლოდ "წითელი ჯვრის" ხაზით დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით გახდა შესაძლებელი, თუმცა ამ ბიუროკრატიულ პროცედურას სულ მცირე, 10 დღე მაინც მიაქვს.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა