„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი. მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები ფასდაკლებით გადავცე“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა სანატორიუმისა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, მას არანაირ მოგებაზე არ ექნება საუბარი და მაქსიმალური თანხა თვითღირებულება იქნება.

„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით", – აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში მინიმუმ, 8 000 ადამიანს დაასაქმებს და მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600 000-დან 800 000-მდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

"საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას“, – დასძენს ივანიშვილი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტმა პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა ისევ გადადო