ინაშვილი –„ოცნებას“: "მუდმივად გვესმის, რომ არჩევნებზე აიღებთ 60%-ს, განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს"

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდის წევრები იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობას მიიღებენ.

„მუდმივად გვესმის, თურმე „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს, ალბათ 80%-ს და შესაძლოა, 95%-ს, რატომ არა 100%-ს, თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს. ეს არის რეალობას მოწყვეტილი სრულიად აბსურდული განცხადებები, შეურაცხმყოფელი ქართველი საზოგადოებისთვის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თქვენ მიზანმიმართულად გამოდიხართ და ამბობთ, როცა გაქვთ სულ რაღაც 12-15% და ეტყობა, არ დადიხართ სოფლებსა და რაიონებში, რომ რეალურად იცოდეთ, რა მხარდაჭერა გაქვთ. ახლა აცხადებთ, რომ თურმე შუალედურ არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე 60% გაქვთ.

თქვენ ხართ ის ხელისუფლება და ხალხი, რომელიც თქვენს მენტალიტეტში ვერ იცვლებით, არაფრის დათმობა და გაყოფა არ გინდათ. ასეთი აზროვნება, ჩემო მეგობრებო, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე, ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, წინასწარ პროცენტების ბრახაბრუხისგან თავი შეიკავეთ. როდესაც ემოციურად აცხადებთ ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და რაღაც წითელი ხაზები გაქვთ, ჩვენც გვაქვს გავლებული წითელი ხაზი თქვენთან, ვინმე გეხვეწებათ რაიმე კოალიციის შექმნას? ან რაიმე პარტნიორობას? რეალობას უნდა დაელოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, რა რეალობა შედგება და ხალხი ვის და რატომ მისცემს ხმას, მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით. კოალიცია კი არა, სანატრელი გაგიხდებათ მოკავშირეები, რომლებიც არ გეყოლებათ. განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ, მაგრამ ეტყობა, თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეაში ხართ", – განაცხადა ინაშვილმა. 

ამასთან, ინაშვილმა მმართველი გუნდი  "ბოკერია-სააკაშვილის ხელშეწყობაში" დაადანაშაულა:

"მართლა გადამწყვეტი იქნება 2020 წლის არჩევნები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან „ქართული ოცნების“ წყალობითა და ხელშეწყობით ხელისუფლება ხელში კიდევ არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიამ. სიფრთხილე და სიფხიზლე მართებთ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს".

ინაშვილის საპასუხოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  “პატრიოტთა ალიანსი” “ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მსგავსი გზავნილების გაჟრერებაში დაადანაშაულა:

"ხალხი არ ლაპარაკობს ამას და ლაპარაკობთ მარტო თქვენ, ახლა პარალელურ რეჟიმში თუ ვილაპარაკებთ მე და თქვენ და "ევროპულ საქართველოსთან" და "ნაცებთან" თუ დაალაგებთ საერთო მესიჯს სპონტანურად, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით, საერთო მესიჯი გამოგდით - მოსყიდვას ამბობთ თქვენც და "ნაცებიც", დაშინებას ამბობთ თქვენც და "ნაცებიც" და რაც არ უნდა გაბრაზდეთ, არის სიმართლე. კაია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბრალებენ". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდანაა ამოღებული