მდინარაძემ "პატრიოტთა ალიანსს" და "ნაციონალურ მოძრაობას" საერთო მესიჯები "აღმოუჩინა"

„პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო მესიჯი გამოგდით, მოსყიდვასა და დაშინებას ამბობთ თქვენც და „ნაცებიც“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს.

მისი თმით, საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია იმ სიმართლეზე, რომელიც არ არის ორგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი.

„ირმა ინაშვილმა თქვა, რომ 12-15%-ია ჩვენი მხარდაჭერა და თურმე სოფლებში არ დავდივართ მაშინ, როცა რამდენიმე ასეული სოფელი ჩვენმა დეპუტატებმა მოიარეს უკანასკნელი ორი-სამი თვის განმავლობაში და ზუსტად ვიცით საზოგადოების განწყობა. გეტყვით მშრალი ფაქტებით, რადგან არგუმენტებში უკვე ვიკარგებით, ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ. მშრალი ფაქტებით 2016 წლის შემდეგ რა ხდება: 2016 წლის 8 ოქტომბერი საპარლამენტო არჩევნები – „ქართული ოცნება“ – 48, 68%; 2017 წლის 21 ოქტომბერი თვითმმართველობის არჩევნები – 55, 81%; 2019 წლის 19 მაისი, ისევ თვითმმართველობის შუალედური არჩევნები – 61%. გუშინ წინ, როდესაც აფენში ჩასული იყო ბოკერიას პარტიის მთლიანი შემადგენლობა, იქ მათ მიიღეს 14% და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 84%.

ახლა როგორც გინდა, ისე გავშალოთ და ვილაპარაკოთ, ვიღაც მოისყიდეთ, დააშინეთ. ხალხი არ ლაპარაკობს ამას და ლაპარაკობთ მხოლოდ თქვენ. პარალელურ რეჟიმში თუ ვილაპარაკებთ მე და თქვენ, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც საერთო მესიჯს დაალაგებთ, შეთანხმებით არა, ასე სპონტანურად, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით. საერთო მესიჯი გამოგდით – მოსყიდვასა და დაშინებას ამბობთ თქვენც და „ნაცებიც“. რაც არ უნდა გაბრაზდეთ, ეს არის სიმართლე. კარგია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს აღარ დაგვაბრალებენ. ქალბატონო ირმა, ბრაზდებით იმ არგუმენტებზე, რაც არის მართალი. ეს არის რეალობა. ყველანი ხომ იყავით ჩასული, მიიღეთ 14 პროცენტი და გაძლევთ გარანტიას, რომ ეს იქნება თქვენი მაქსიმუმი. ეს არის სიმართლე, რაზეც თქვენ ღიზიანდებით. საარჩევნო შედეგები დამოკიდებულია ზოგადად იმ სიმართლეზე, რომელიც არ არის ორგვარი ინტერპრეტაციის საფუძველი. დაშინება და მოსყიდვა არის ტყუილი, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ. ეს იქნება 2020 წლის შედეგებიც, რაზეც თქვენ ასე წინასწარ წუხხართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თავის მხრივ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მამუკა მდინარაძეს პარტიის მთავარ დემაგოგი უწოდა.

„ბატონო არჩილ [პარლამენტის თავმჯდომარე], შეცვალეთ მთავარი დემაგოგი თქვენ პარტიაში, მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, რომ იყოს მთავარი დემაგოგი, ძალიან უნიჭოა და ძალიან ვულგალური, ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება და დაანებეთ თავი პროცენტების ბრახაბრუხს. 60 პროცენტს კი არა, 0,60 პროცენტს ვერ მიიღებთ თქვენ მომავალ არჩევნებში, თუ ასეთი დემაგოგები გეყოლებათ პირველ პლანზე. თქვენი პარტიის სიაში, პირველ ხუთეულში ჩაწერეთ მურუსიძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, კიდევ მ-ზე ვინ გყავთ – მდინარაძე და არჩევნებში 160 პროცენტს მიიღებთ, გარანტირებულად, ნამდვილად“, – განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კახა კალაძე შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა