ახალგორი დღეს - შვილებს დედის დასატირებლად არ უშვებენ

ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს თან ადამიანური ტრაგედიები ახლავს. ცნობილია, რომ 28 ოქტომბერს, დილით ცხინვალის რეანიმაციაში ახალგორელი მარგო მარტიაშვილი ინსულტით გარდაიცვალა. ის 70 წელს იყო გადაცილებული. გარდაცვლილის შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იმის გამო, რომ გადასასვლელები ჩაკეტილია, დედის დაკრძალვაზე ახალგორში გადასვლას ვერ ახერხებენ.  

"ჩვენ რომ გავიგეთ, უკვე ცხინვალში ჰყავდათ. იქ დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაში წაუყვანიათ სახლიდან - ახალგორიდან. ვერ ვახერხებთ ჩასვლას. საუბედუროდ დედის პანაშვიდს და დაკრძალვას ვერ დავესწრებით",- განაცხადა გარდაცვლილის შვილმა მაია ჯანგირაშვილმა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისში სამკურნალოდ დე ფაქტო საზღვარზე არგადაშვებამ პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. წნელისის საგუშაგოს განთავსების შემდეგ ახალგორებლებისთვის თბილისის კლინიკაში ჰოსპიალიზაცია მხოლოდ "წითელი ჯვრის" ხაზით დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებით გახდა შესაძლებელი, თუმცა ამ ბიუროკრატიულ პროცედურას სულ მცირე, 10 დღე.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მოსახლეობის ნაწილი უკვე შიმშილის ზღვარზეა,- ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი იუწყება.

"ჩვენს გვერდით ადამიანები შიმშილობენ. იმისთვის, რომ ცხელი სადილი ჰქონდეთ, ზოგიერთები საავადმყოფოებში წვებიან. მარტოხელა მოხუცებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსია იყო, ეს წყარო ამოეწურათ. თანაც კვირის სამყოფ საკვებს მათ ან ოჯახის წევრები უგზავნიდნენ, ან თავად მიდიოდნენ [საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდნენ]. ახლა ეს ადამიანები სრულ იზოლაციაში არიან. დღეს გავიგე, რომ ადგილობრივებმა მათთვის საკვების შეგროვება დაიწყეს",- იუწყება თამარ მეარაყიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, მარტიაშვილი „ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია“.

„როდესაც მე ყოველ დღე და ყველგან ვამბობ, რომ მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმე პირდაპირი გაგებით, სწორედ ამას ვგულისხმობ. დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, რომ ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ. მათ შორის, მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.

იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირის და ა.შ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც თუნდაც წითელ ჯვართან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველ დღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინვე, ეს შემთხვევა და ახალგორის ე.წ. გადასასვლელის საკითხი განხილვის თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართა, რათა მათ კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს.

„პირადად მე, ამ შემთხვევის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარეს, ასევე წითელ ჯვარს. უკვე პოსტ ფაქტუმ, რადგან სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი გაიხსნას. არა მხოლოდ ახალგორის რაიონი, არამედ ცხინვალის მოსახლეობაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რადგან ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც. თითქმის ყოველ დღე ათობით ადამიანი მიკავშირდება. ყველა ეროვნების და ყველა სფეროდან - საერო თუ სასულიერო, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. არავინ არ არის თავისუფალი ადამიანის უფლებების წინაშე პასუხისმგებლობისაგან. ეს იქნებიან ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის. ვალდებულებები ყველას აქვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნისკენ, რაც კრიტიკულად აუცილებელია. ეს ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება.

ორი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც გადაადგილება შეზღუდეს და ჩაკეტეს, მე პირადად არც ერთი შეხვედრა არ მქონია, სადაც ეს საკითხი არ დგას. აქ არა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრებს ვგულისხმობ - ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით ერთადერთი აქცენტი კეთდება, რომ ე.წ. გადასასვლელი უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაიხსნას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ცნობისთვის: გადასასვლელების ჩაკეტვას ოსურმა მხარემ ქართული საპოლიციო საგუშაგოს წლელისში გახსნას უკავშირებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული რიგით მეექვსე შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა