ზურაბ ბატიაშვილი: "კრემლი საქართველოს ბლოკირების სცენარებს ამუშავებს"

ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის დაკვირვებით, რუსეთი საქართველოს შავი ზღვიდან ბლოკირების სცენარებს ამუშავებს. ამ კონტექსტში ბატიაშვილი რუსეთის მიერ შავ ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე ამახვილებს ყურადღებას. 


"დღეს რუსეთის სამხედრო ფლოტმა შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკეტა, თითქმის თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე ჩავიდა, გამოაცხადა, რომ ატარებს წვრთნებს და ტერიტორია გემებისთვის დახურა. ვისაც რუქის წაკითხვა შეუძლია, ნათლად ჩანს, რომ ეს გარკვეული მზადებაა იმისთვის, რომ საქართველოსკენ და პირიქით- საქართველოდან მიმავალი ხომალდებისთვის საზღვაო სივრცე დაიკეტოს. როგორც ჩანს, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ერთ-ერთ სცენარად ზღვის ჩაკეტვის საკითხი განიხილება. მოგეხსენებათ, რუსეთს ოკუპირებლი აქვს ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც ფაქტობრივად შავი ზღვის გულში მდებარეობს, შესაბამისად, რუსეთს ნახევარკუნძულიდან თავისი მცურავი საშუალებებით ძალიან მარტივად შეუძლია, ჩაჭრას შავი ზღვა და იგი სხვა გემებისთვის დახურულ ტბად აქციოს",- აცხადებს "აქცენტთან" საუბრისას ბატიაშვილი. 

ამასთან, მისივე შეფასებით, რუსეთის ქმედება ერთგვარი მინიშნებაცაა:

"მოგეხსენებათ, შავი ზღვის აკვატორიაში, საქართველოში ნატო-ს საზღვაო საშუალებები შემოვიდა. რუსეთის ქმედება მინიშნებაცაა, რომ თუ კრემლი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, შავი ზღვა ჩაკეტოს მაშინაც კი, როდესაც საქართველოს პორტებში ნატო-ს გემებია".

ბატიაშვილი პასუხსიმგებელი პირებს მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს: 

"საქართველოს ოფიციალურად მაინც გააჩნია უსაფრთხოების საბჭო. მართალია, ის მხოლოდ წლის დასაწყისში ერთხელ შეიკრიბა და ისიც გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ საჭიროა მისი გააქტიურება. ამასთა, საჭიროა კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება, მათ შორის უსაფრთხოების კონცეფციის, საფრთხეების შეფასების დოკუმენტის, სადაც დეტალურად გაიწერება ეს და მსგავსი საკითხები და კარგად მოფიქრებულ-გაზომილი შესაბამისი ზომები". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"