თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის პირველი შეტაკება მოხდა – დაღუპულია 6 სირიელი ჯარისკაცი

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის პირველი შეტაკება მოხდა, – იუწყება The Telegraph  ორგანიზაცია „სირიის ადამიანთა უფლებათა ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით.

მისივე ცნობით,  შეტაკება სოფელ ასადიასთან მოხდა და მას 6 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.  

მას შემდეგ, რაც თურქეთთან მოსაზღვრე რაიონები ქურთმა მებრძოლებმა დატოვეს, სირიის არმიამ სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებადი რამდენიმე ქალაქი დაიკავა. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებდა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებდა. ზავის ვადა 22 ოქტომბერს ამოიწურა. 

22 ოქტომბერს სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდა. 

ერდორანისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, 23 ოქტომბრის დღის 12:00-დან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო ძალები სირიის მხრიდან  თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსდნენ, რათა ხელი შეუწყონ ქურთთა შენაერთებისა და მათი შეიარაღების სირიის ჩრდილოეთიდან გაყვანას. ეს პროცესი უნდა დასრულეს 150 სთ-ში. ამასთან, რუსული და თურქული ძალები საზღვრის გასწვრივ 10 კმ-იან ზონაში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ ყველგან, გარდა ქალაქ ქამიშლისა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გენპროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს