ბაქო–თბილისი–ყარსი: რისთვის ლობირებს ანკარა მოსკოვს?

თურქეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში რუსეთის ჩართვის თემაზე ალაპარაკდა. „რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუ მოსკოვი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება მომგებიანი როგორც რუსეთისთვის, ისე რეგიონის ქვეყნებისთვის. მათ შეუძლიათ, ტვირთები მიაწოდონ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს. ვფიქრობ, ეს ხაზი მნიშვნელოვანი და მომგებიანია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის, ავღანეთისთვის, ტაჯიკეთისთვის, ყირგიზეთისთვისაც. ეს მათთვის შესაძლებლობაა, ტვირთები დასავლეთში გაიტანონ“, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეთ თურხანმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხთან საუბრისას.

მართალია, ეს კომენტარი დეტალიზაციას არ მოიცავს, კერძოდ, არ არის განმარტებული, რუსეთის კონკრეტულად რა როლზეა საუბარი, თუმცა განცხადება ალბათ, მაინც საყურადღებოდ უნდა ჩაითვალოს.  

„აქცენტი“ შეეცადა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გაერკვია, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები და რას ფიქრობს ანკარის ამ იდეაზე ოფიციალური თბილისი, თუმცა მე-5 დღეა, დაპირებულ პასუხს ელის.

საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ანალიზისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, პროექტში რუსეთის რა ფუნქციაზეა საუბარი.


„სირიის მოვლენების ფონზე თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი გააქტიურდა და სავსებით შესაძლებელია, ამას თურქეთში რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის დამატებითი რესურსების მოძიების ინტერესი გაეზარდა.  ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის რომელიმე განზომილებას რუსეთი „ხელს დაადებს“. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს, თუ პროექტის მონაწილეები ჩათვლიან, რომ მასში რუსეთის მონაწილეობა საჭიროა. ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი მონაწილის [თურქეთის] მოსაზრება მოვისმინეთ. წმინდა ეკონომიკური განზომილებით, ტვირთებს ეროვნული კუთვნილება არ აქვთ: თუ ეს იქნება ეკონომიკურად მომგებიანი, არ დაარღვევს მხარეების ინტერესებს, არ იქნება აკრძალული, შეზღუდული და ა.შ., შეიძლება, გაიაროს  როგორც რუსულმა, ისე ევროპულმა, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისამაც. ამ თვალსაზრისით, წესით, სირთულე არ უნდა იყოს. რუსეთთან თურქეთის თანამშრომლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული თრქულ-რუსულ პოლიტიკურ და სხვა ურთიერთობაზე და სანამ მათ „დათბობის“ პერიოდი აქვთ, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ეს ხაზიც აქტიურად გამოიყენონ. ჩვენ ტრანზიტული ქვეყანა ვართ, ეს ტვირთები უნდა გავატაროთ და უნდა უზრუნველვყოთ, რომ გადაზიდვების დროს დაცული იყოს ყველა საერთაშორისო ნორმა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის საქართველოს ადგილი ამ პროექტში“,- აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, სირთულე წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება პროექტში რუსეთის მონაწილეობის სურვილი:

„თუ ანკარა ან მოსკოვი გამოთქვამენ სურვილს, რუსეთი მონაწილე გახდეს პროექტისა, თუნდაც მისი ნაწილი შეიძინოს, კონტროლი დააწესოს, აქ ყურადღების გამახვილებაა საჭირო და არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ეს ხაზი რუსული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ამას ჩვენგან ფხიზელი დამოკიდებულება სჭირდება. თუკი ამგვარი საკითხი გაჩნდება, შესაძლებელია კონსულტაციები თურქულ მხარესთან, რას ფიქრობენ, რას აპირებენ და შემდეგ შესაბამისი რეაგირება“.

თავდაპირველად საკითხი საქართველოში მღელვარების საფუძველი ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლოს გახდა. მაშინ პროექტის სხვა მონაწილეებმა ანკარაში საქართველოს მონაწილეობის გარეშე რუსეთთან მემორანდუმი გააფორმეს.

“მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ ქმედებებს ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენისა და ახალი ლოჯისტიკური ბაზის შექმნის ჩათვლით. ამ მიზნით მხარეები ახალქალაქი (საქართველო) – ყარსის მონაკვეთზე 1520 მმ–იანი სიგანის ლიანდაგის მქონე მეორე სარკინიგზო ხაზის გაყვანის პროექტის რეალიზების შესაძლებლობას განიხილავენ, რომლის სიგრძე 76 კმ იქნება და მოიცავს თურქეთის ტერიტორიასა და ლოჯისტიკურ ცენტრს ყარსში”,– ვკითხულობთ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „რუსეთის რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

სავარაუდოდ, ეს სიახლე იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ იმხანად გაკეთებული კომენტარი მეტყველებს:

„სავარაუდოდ, ის შეხვედრა ჩვენს რეგიონში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად იყო ორგანიზებული, თუმცა საქართველოსთან შეუთანხმებლად პროექტში ცვლილებების შეტანის უფლება არც ერთ მხარეს არ აქვს. ჩვენ განვაგრძობთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სამმხრივი (საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის) შეთანხმების იმ ფორმით, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს“.

მართალია, მაშინ საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ თბილისის ნებართვის გარეშე პროექტში ცვლილებების განხორციელება როგორც პოლიტიკურად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ფიზიკურადაც შეუძლებელია და მსგავსი ცვლილებები არც იგეგმება, თუმცა ამან ექსპერტებს შეშფოთების საფუძველი ვერ მოუხსნა.

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელ დავით გოჩავას შეფასებით, ამ საკითხში საქართველოს იგნორირება მეტყველებს რუსეთისა და თურქეთის მცდელობაზე, საქართველოს ჩამოართვან მთავარი სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია, ანუ ის სტატუსი, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტითაა გათვალისწინებული:


„საქართველოს მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალქალაქში ხდება ვაგონების გადაყვანა საბჭოთა ტიპის ლიანდაგებიდან ევროპულზე, რაც ლოჯისტიკური ცენტრის ქონასა და შესაბამისად, მარშრუტის საკვანძო რგოლად ახალქალაქის ქცევას გულისხმობს. რუსეთი და თურქეთი, გეგმავენ რა საბჭოთა სტილის ლიანდაგის ყარსის სადგურამდე გაგრძელებას, სრულად ართმევენ საქართველოს ამ სარგებელს. ფაქტობრივად, ისინი ცდილობენ, ქართული მონაკვეთი უბრალო დერეფნად აქციონ, რომლის გავლით ტვირთები ყარსამდე შეუჩერებლად გაივლის. ეს დაუშვებელია, რადგან საქართველომ პროექტში აზერბაიჯანისგან ნასესხები 770 მილიონი დოლარი იმ გათვლით ჩადო, რომ ეს რკინიგზა ქვეყანას პროექტში ინვესტირებული თანხის ამოღების შესაძლებლობას მისცემდა. 2017 წლის ოქტომბერში ამოქმედების შემდეგ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით დღემდე დაახლოებით 184 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. წელიწადში 6,5 მლნ–ტონიანი პოტენციური გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანსა და თურქეთს რუსულ პროექტში ჩართვით პროექტის კომერციული წარმატების გარანტირება სურთ. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ცვლილებების შეტანა ახალქალაქის სტატუსში. იმედი მაქვს, ქართული მხარე სახელმწიფო ინტერესების დაცვას შეძლებს“.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის შეფასებით, საქართველო ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის დაწყების დღიდან ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეზობლების დამოკიდებულება ამის შესაბამისია:  


„ის, რომ რეგიონში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საერთაშორისო პროექტის მონაწილე ვართ, ჩვენთვის ძალიან კარგია და ამავდროულად, ჩვენს ქვეყანას აქვს პოზიცია, რომელიც მას ამ პროექტისთვის შეუცვლელს ხდის, რაც პროექტში ჩართულ პარტნიორებთან გარკვეულ დიპლომატიურ უპირატესობებს გვანიჭებს. თუმცა დაწყების დღიდან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს საკუთარი ინტერესების სრულად ასახვა უჭირს”. 

ამ შეფასების საილუსტრაციოდ გობრონიძეს რკინიგზის მშენებლობის დაფინანსების საკითხი მოჰყავს: 

“აზერბაიჯანული ბანკიდან ავიღეთ კრედიტი, ვიქირავეთ აზერბაიჯანული კომპანია, აზერბაიჯანულ კრედიტს ვუხდით ამ კომპანიას და კრედიტს ვაბრუნებთ ბანკში. ეს ჩვენთვის ძალიან წამგებიანი პოზიციაა. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რაც მოხდა”. 

საქართველოს ჩაურთველად მემორანდუმის გაფორმება, მისი შეფასებით, ძალიან ცუდია და ნამდვილად არ მეტყველებს კარგად სახელმწიფოზე: 

“ერთია, რომ ჩვენს დიპლომატიას დააკლდა პროაქტიურობა და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია პარტნიორებთან, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უნდა სცოდნოდა აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ თუნდაც სხვა არხებიდან. ვგულისხმობ იმ სამსახურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამგვარი ინფორმაციის მოძიებაზე და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მიწოდებაზე. რუსეთი მიუერთდება ამ პროექტს, ჩინეთი, ბრაზილია თუ არგენტინა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა ხდებოდეს საქართველოს უშუალო ჩართულობით და თანხმობით, რადგან ამ პროექტს შემთხვევით არ ჰქვია ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზა  – აქ საკვანძო პუნქტი ახალქალაქია. თუ არ იქნება ახალქალაქი, ბაქოდან ყარსამდე რკინიგზა ვერ გავა. თავად ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ პროექტში ახალი აქტორის დამატების შესახებ საქართველო წინმსწრებად უნდა იყოს ინფორმირებული. იმედია, ქართული დიპლომატია პარტნიორებთან შეხვედრაზე დასვამს ამ საკითხს. არ შეიძლება, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, სტრატეგიულ მოკავშირეს უწოდებენ, ჩვენს ზურგს უკან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სახლმწიფოსთან, რომელთანაც ფორმალურად საომარი მდგომარეობა გვაქვს”. 

მისივე აზრით, პროექტში რუსეთის ჩართვა შესაძლოა, გარკვეულ კონტექსტში საქართველოსთვის მომგებიანიც იყოს, მაგრამ გასარკვევია, რამდენად აწყობს ქვეყანას, ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდოს. 

გობრონიძე რკინიგზის თემაზე ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გარკვეული კომუნიკაციის არსებობას არ გამორიცხავს:

„დიახ, თურქეთს რიგ შემთხვევებში ახასიათებს მეზობელი ქვეყნების ინტერესების იგნორირება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ეკითხა, “უკაცრავად, თქვენს ტერიტორიაზე რომ გამოიაროს რუსულმა ტვირთებმა, პრობლემა ხომ არ იქნებაო?”… საინტერესოა, რატომ იყო თურქეთის ადმინისტრაცია დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს მთავრობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნებოდა. შეიძლება, ცალკე რაღაც ტიპის კომუნიკაცია არსებობდა საქართველოსა და რუსეთს შორის, რის შესახებაც არ ვიცით. წარსულში რამდენჯერმე გავხდით  მსგავსი ფაქტების მოწმე: იგივე „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება დღემდე საიდუმლოა როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე აკადემიური წრეებისთვის, არ ვიცით, რამდენს ვიხდით რუსულ გაზში. არ მაქვს გარანტია, რომ მსგავსი საუბარი არ იყო ამ შემთხვევაშიც“. 

ანკარაში გაფორმებული მემორანდუმის კონტექსტში გობრონიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირებას იხსენებს, რომელიც, მისი შეფასებით, არ სრულდება:

„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, “ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაში, სადაც საუბარი შეეხება კავკასიას, საქართველოს და რუსეთის ფედერაციას, ჩვენ ვითხოვთ, პარტნიორებთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან და არ დავრჩეთ თამაშგარე მდგომარეობაშიო”. შესაძლოა, ეს იყო [ზურაბიშვილის] ერთადერთი სწორი განცხადება, რომელიც გაკეთდა, მაგრამ ის ვერ სრულდება“. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი პოზიცია გაჩნდა