უიტმორი: "დასავლეთში საქართველოს რებრენდინგის დროა"

ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი ბრაიან უიტმორი აცხადებს, რომ საქართველომ მარკეტინგის სტრატეგია უნდა შეცვალოს და დასავლეთს დაანახოს, რომ ნატო-ში გაწევრიანებით ის ალიანსის სამხრეთ ფლანგზე უსაფრთხოებას გააძლიერებს. ამ სტრატეგიის ერთ ნაწილად მას ანაკლიის პორტის აშენება მიაჩნია. 

- ბრაიან, დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. მოდით დავიწყოთ იმ დიდ მოვლენებზე საუბრით, რომლებიც საქართველოს სამეზობლოში ვითარდება. შეერთებულმა შტატებმა სირიაში განლაგებული 700 ჯარისკაცი ქვეყნიდან გამოიყვანა. ამით, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიცია გამყარდა. თქვენი აზრით, ექნება ამ გარემოებას გავლენა მეზობლებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე?

- ამან შესაძლოა რუსეთი წააქეზოს. აქ ორი რამ ხდება - ერთი ის, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ძველი იმპერიის აღდგენაა ნებისმერი მეთოდით. მეორე კი,საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებზე კონტროლის დაწესებაა. საშუალება რომ მიეცეთ, ისინი უფრო მეტად დასავლეთითაც წავლენ.

ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, 2015 წელს დაწყებული მოვლენების კულმინაციაა, როცა რუსეთი სირიის ომში პირველად ჩაერთო. ამ ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ რუსეთი იმ ქვეყნებში ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას, რომლებშიც საბჭოთა კავშირი იყო ძლიერი. მას შემდეგ, რაც მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში ძლიერი პოზიციები ჰქონდა, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ახლა ვხედავთ თუ როგორ გახდა ახლო აღმოსავლეთში რუსეთი გადაწყვეტილების მიმღები ძალა. ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ბატონ პუტინს რჩევას რომ ვაძლევდე, ვეტყოდი, რომ ამ რეგიონში წამყვან ძალად ყოფნა სასიამოვნო რამ არ არის. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ახლა ეს პუტინისთვის დიდ გამარჯვებად გამოიყურება. რუსეთმა ის ვაკუუმი შეავსო, რომელიც ამერიკის გამოსვლამ დატოვა. უცნაურია ის, რომ ამერიკა სირიიდან თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოვიდა. პუტინმა კი ერდოღანს აჯობა. მათ შორის მიღწეულ შეთანხმებას რომ შევხედოთ, ერდოღანმა საზღვრის დაახლოებთ 100 კილომეტრიანი მონაკვეთ მიიღო, რუსეთმა კი დანარჩენი სირია. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები შორეულ პერსპექტივაში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში, რომლებიც მოკავშირეები არასოდეს ყოფილან. ერდოღანი ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ თურქეთის უკანა ეზო დაიბრუნოს, სირია კი ერდოღანის ეზოა და არა რუსეთის.

- არ მესმის თურქეთის პოზიცია...

- არც მე. მართალი გითხრათ, გამიკვირდა რატომ დანებდა ერდოღანი პუტინს ასე სწრაფად. ეს ურთიერთობა შეიცვლება და მას თვალი უნდა ვადევნოთ. ყოველთვის საინტერესოა როგორ ვითარდება მათი ურთიერთობა. ისინი ყოველთვის უფრო მტრ-ეგობრები იყვნენ. მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მათ შორის დაძაბულობა გაღრმავდა, მაგრამ ამას შემდეგ მათ შორის რომანსი მოჰყვა. ახლა კი ეს... მე ამას თურქეთის კაპიტულაციად ვაფასებ.

- ამ ეტაპზე ჩანს, რომ ეს მოსახერხებელი პარტნიორობაა ორივესთვის, მაგრამ არ ვიცით როდემდე...

- მათი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და არ ვიცი კეთილგანწყობა რამდენ ხანს გასტანს. ამ დროისთვის მდგომარეობა ისე გამოიყურება, რომ პუტინმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ ვნახოთ - იყო წამყვანი ძალა ახლო აღმოსავლეთში ძალიან რთული საქმეა. არ მგონია რუსეთს მოთმინება, შესაძლებლობა და ცოდნა ჰქონდეს იმისთვის, რომ იქ დიდი ხნით დარჩეს.

თქვენს თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნეთ, თუ რა გავლენა ექნება რუსეთის ასეთ გაძლიერებას რეგიონზე, ამას ვიტყვი. პუტინმა საქართველოში და უკრაინაში საკუთარი შეცდომებიდან ისწავლა და გადაწყვიტა ახლა სხვა მიდგომა ჰქონდეს. ის უფრო მეთოდურად უდგება საქმეს, ვიდრე აქამდე. არ მგონია, რომ მან საქართველოში რაიმე ხისტი მოიმოქმედოს. ის ოლიგარქიული სტრუქტურების გამოყენებით ცდილობს სახელმწიფოს მიტაცებას ყველგან, სადაც შეუძლია.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ერთი შეხედვით სამხედრო გაძლიერებამ რუსეთს სამეზობლოში პოლიტიკური გაძლიერების საშუალება მისცა? უკრაინაში რუსეთი აგრესიას აგრძელებს, საქართველოში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია გრძელდება, დასავლეთის მხრიდან კი რეალური შეწინააღმდეგების ნიშნები არ ჩანს. რუსეთი სამეზობლოშიც გაძლიერდა?

- ეს მას უფრო ძლიერად წარმოაჩენს და ამ წარმოდგენებს, განსაკუთრებით ახლა, როცა დასავლეთის მხრიდან სერიოზული რეაქცია არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგში უკვე გარკვეული ხანია აღარ ზის. იგივე ხდება ევროპის დედაქალაქებში. მთავრობა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტია, მაგრამ ზოგიერთი ქმედება ამაზე არ მიუთითებს. ის, რაც მე მაწუხებს, ანაკლიის პორტის აშენების პროცესისთვის ზიანის მიტანა, საარჩევნო კანონის შეცვლა და ბარიერის მინიმალურად შემცირება ჩემთვის საეჭვო მოქმედებაა. ზოგიერთი ის ფაქტორი, რაც შეშფოთებას იწვევს, გარკვეულწილად, ხელს უშლის იმას, რომ საქართველო ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს.

- წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდაჭერის აქტი ერთხმად მიიღო. ეს მხარდაჭერის დიდი გამოხატვაა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ის?

- ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატვაა, მნიშვნელოვანი დასტურია ჩვენი ორმხრივი კარგი ურთიერთობის. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ საქართველოს რაღაცა ხელშესახები უნდა მივცეთ. მაგალითად, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის კარი უკვე დიდი ხანია ღიაა, მაგრამ დასავლეთში ვერ მოვაბით თავი იმას, რომ ზღურბლს აქეთ მოგიწვიოთ. მიხარია ის, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი მივიღეთ, მაგრამ ვისურვებდი ქვეყანას უფრო მეტი გავუკეთოთ როგორც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის გასაღრმავებლად იბრძვიან. საქართველოსთვის ძალიან რთული პერიოდია. რუსეთი ყოველდღიურად ზრდის ზეწოლას და ჩვენ მექანიზმები უნდა მოვნახოთ იმისთვის, რომ ეს ზეწოლა შევამციროთ.

რუსეთი სტრატეგიულ მოთმინებას იყენებს, რაც ამ ბოლო დროს, ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სტრატეგიული მოთმინება კი იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის დაღლის პოლიტიკა აქვთ. რუსეთს ყოველთვის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მეზობლებზე დომინირების მიზნით სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს და მეორეს მხრივ, ეს თემები რუსეთისთვის ყოველთვის უფრო დიდი პრიორიტეტი იქნება, ვიდრე დასავლეთისთვის. მათ უნდა რომ ჩვენ დავიღალოთ. ამ ყველაფერს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიები ერთვის, რომლებიც ასევე სამხედრო დოქტრინის ნაწილია და რომლებიც საქართველოში საზოგადოების პოლარიზაციას ცდილობენ.

- და მათ ამისთვის საკმარისი დრო აქვთ. რუსეთს შეუძლია თავს უფლება მისცეს და არ იჩქაროს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც კრემლი საქართველოში აწარმოებს.

- ეს იმიტომ, რომ ხალხი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რომ საქმე რუსულ დეზინფორმაციასთან აქვს. საქართველოში არასოდეს იქნება ღიად პრო-რუსული ძალა. ეს უბრალოდ ვერ მოხდება. ასევე არ იქნება არ რადიკალურად ანტი-ამერიკული ან ანტი-დასავლური ძალები. ეს კრემლმა ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ისინი ქართველების ერთმანეთის წინააღმდეგ მომართვაზე მუშაობენ, რომ საქართველო ამ ნიშნით დაყონ. ისინი ტრადიციულ ღირებულებებზე, ლგბტ თემის უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების შევიწროებაზე და სხვა მსგავს თემებზე საუბრობენ. ეს ნარატივები რუსეთზე არაფერს ამბობს, მაგრამ მთავარ მიზანს აღწევს, რომ ქართველები ერთმანეთს დაუპირისპიროს.

- ამას შედეგი მოჰყვება.

- კი. ის საზოგადოებები, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის ყველაზე სუსტ სამიზნეებს წარმოადგენს, ყველაზე კორუმპირებული და ყველაზე პოლარიზებული საზოგადოებებია. საბედნიეროდ, საქართველო კორუმპირებული ქვეყანა არ არის, მაგრამ პოლარიზების მხრივ მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. პოლარიზება საქართველოში უსაფრთხოების თემად იქცა. ეს ერთის მხრივ, რუსეთის მიერ ხელოვნურადაა შექმნილია.

- განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში - პოლარიზება იმდენად ღრმაა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეული, მისი მონაწილეები ხდებიან.

საქართველოში პოლარიზების საკითხი საინტერესო იმიტომაა, რომ ეს თემების გარშემო არ ხდება. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება დიდ, მნიშვნელოვან თემებზე. მაგრამ პოლიტიკა ბანაკებადაა დაყოფილი - მაგალითად, უჭერ თუ არ უჭერ მხარს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ამ სახის პოლარიზება უნდა გადაილახოს იმიტომ, რომ არსებული მდგომარეობა საქართველოს უსაფრთხოებს ასუსტებს.

- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს სახელი ხელახლა უნდა შეიფუთოს იმისთვის, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს დასავლეთისთვის. რას გულისხმობთ?

- უნდა შევცვალოთ მარკეტინგის სტრატეგია. მარკეტინგის წინა სტრატეგია იყო ასეთი, რომ საქართველო ნატოში უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ის დიდი და ცუდი მეზობლისგან, რუსეთისგან დავიცვათ. ეს რთულად გასაყიდი იდეაა. შეიძლება ამერიკაში არა, მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში ამის არ სჯერათ. უნდა შევცვალოთ საქართველოს მარკეტინგი. საქართველოს შეუძლია თქვას, რომ ის ნატოს უსაფრთხოებისთვის დამატებითი დადებითი აქტივია და არა რაღაც ვალდებულება. მაგალითად, ნატოს სტრატეგი რომ ვიყო და შავი ზღვის რუკას დავხედო, ზედაპირულად, ეს რუკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ხედავ ნატოს წევრ ბულგარეთს და რუმინეთს, თურქეთს, ნატოს პარტნიორებს საქართველოს და უკრაინას. კი, ჩრდილოეთით რუსეთია, მაგრამ შავი ზღვა ჩვენი - ნატოსია. მაგრამ როგორც კი ცოტა დააკვირდები ამ რუკას, კითხვები გიჩნდება - რამდენად სანდო პარტნიორია თურქეთი? ისინი რუსულ შეიარაღებას ყიდულობენ. რამდენად სანდო პარტნიორია ბულგარეთი? რუმინეთი კი, სანდო მოკავშირეა.

ნატოს შავ ზღვაში მეტი საყრდენი სჭირდება და საქართველო ერთ-ერთი ასეთი საყრდენია. აი, ასე უნდა შეცვალოთ მარკეტინგის სტრატეგია და ვფიქრობ, ამას უფრო მეტად გაიგებს ხალხი დასავლეთში.

ამასთან ერთად, საქართველომ აქტივები უნდა შექმნას იმისთვის, რომ დასავლეთს საკუთარი ფასი დაანახოს. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი ასეთი აქტივია. ის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი აქტივი იქნება. აშენების შემთხვევაში, ეს პორტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივი იქნება, რომელსაც დაცვა დასჭირდება. მის დაცვაში კი ბევრი მხარე მიიღებს მონაწილეობას. გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ ამ პორტის აშენებას უკან ამერიკის საზღვაო ძალები მოჰყვებაო. არ ვიცი რეალურად რამდენად შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ მეტაფორულად ამ განცხადებას დიდი შინაარსი აქვს. პორტს აქვს პოტენციალი საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ცენტრალურ მოთამაშედ აქციოს, საქართველოზე დამოკიდებული გახადოს სავაჭრო გზები. ბერლინში, პარიზსა და რომში ამ არგუმენტს დაიჯერებენ. მაგრამ ამისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა.

- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?

- ხელახლა დაადასტუროს საკუთარი პირობები. მაგალითად, ააშენოს პორტი. ასევე გააძლიეროს დემოკრატიული პროცესები. დღეს არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო წინ აღარ მიიწევს, რომ ქვეყანაში რუსული გავლენები ძლიერდება. ერთის მხრივ ეს ჩვენი ბრალიცაა დასავლეთში - როცა ამდენი წლის განმავლობაში კარი ღიაა, მაგრამ მეგობარს შიგნით არ ეპატიჟები, შენი ზრახვების შესახებ მეგობრებს ეჭვს უჩენ.

- ეს ფაქტობრივად ისაა, რასაც რუსეთი ამბობს.

- რუსეთი ამაზე გათვლას აკეთებს და ამაში მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინებაც. ჩვენ დასავლეთში უკრაინის, საქართველოს თემებით თითქოს დავიღალეთ. რუსეთი კი ამ თემებით არასოდეს იღლება. გეოგრაფიას ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ყველაზე კარგი ის იქნება, რომ საქართველო და უკრაინა ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანდნენ.

- ამ თემაზე გაფართოების სკეპტიკოსები ამბობენ, რომ რატომ უნდა სურდეს რუსეთს ნატოს გაფართოება და საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება?

- ანუ რატომ უნდა უნდოდეს სტაბილური დემოკრატიები მის საზღვრებთან?! (ამას ცინიკურად ამბობს.) პასუხი ისაა, რომ ამ ეტაპზე სისტემური ბრძოლა მიმდინარეობს, რომლის ერთ მხარეს რუსული სისტემაა და მეორე მხარეს დემოკრატიული ღირებულებები. იმის გამო, რომ რუსეთი დღეს პუტინის სისტემით ცხოვრობს, რომელიც დიდწილად გავლენის სფეროებზე და ქსელებზეა დამოკიდებული, რუსეთს თავის გარშემო სტაბილური დემოკრატიების არსებობა არ სურს. სტაბილური დემოკრატიები საკუთარ მეზობლებს თავს არ ესხმიან, არ ცდილობენ მეზობლების დესტაბილიზაციას, არ ცდილობენ მათზე დომინირებას. ერთადერთი სტაბილური საზღვარი, რომელიც რუსეთს დღეს აქვს, ეს ნატოსთან მისი საზღვარია.

მე, ამ ბრძოლაში საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფრონტის ხაზად ვხედავ. ჩვენ ამ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ ამ ომში გასამარჯვებლად, სადაც სტაბილური დემოკრატიები იქნება - ინსტიტუტებზე, კანონის უზენაესობასა და ღირებულებებზე აშენებული. ეს სიტუაცია ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინის სიტუაციას ჰგავს - აქ უნდა გავიმარჯვოთ, აქ დამარცხება არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ აქ დავმარცხდით, მაშინ მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით.

რუსეთის ყველა იმპერიული პროექტი საქართველოთი და უკრაინით იწყებოდა, მაგრამ რუსეთის არც ერთი იმპერიული პროექტი მხოლოდ საქართველოში და უკრაინაში არ დამთავრდა. ევროპელებმა ეს უკეთ უნდა გააცნობიერონ, რადგან თუ რუსეთი არ გავაჩერეთ, საფრთხე დასავლეთით წავა. თუმცა ამჯერად ეს არ იქნება ტანკები, არამედ იქნება ბანკები. ეს არანაკლებ საშიშია ჩვენი ცხოვრების წესისთვის და ამიტომაც, რუსეთი უნდა შევაჩეროთ.

წყარო: "ამერიკის ხმა"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"