პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს 156 მლნ ლარს გამოუყოფს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროპული განათლების ფონდის დირექტორმა ჩეზარე ონესტინმა “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს.

5-წლიანი პროგრამის მიზანია, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების, გაუმჯობესებული შრომითი პოლიტიკისა და სამეწარმეო გადამზადების გზით, ხელი შეუწყოს საქართველოს 105 000 მოქალაქეს დასაქმებაში. პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროს (დაახლოებით 156 მილიონი ლარი) შეადგენს, მიზნად ისახავს შესაბამისი უნარების და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესძლებლობების თანხვედრას, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საქართველოს მასშტაბით.

პროგრამის ძირითადი ამოცანებია:

  • პროფესიული განათლებისა და სწავლების მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით, 15-29 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის სულ მცირე 10%-იანი ზრდა 2017 წელთან შედარებით;
  • რეგიონებში პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ დასაქმების მაძიებელთა სულ მცირე 20%-ის დასაქმება სამი თვის ვადაში;
  • ხუთწლიანი მოსალოდნელი ეროვნული უნარების ანგარიშის გამოქვეყნება;

“დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, დასაქმების მაძიებელს გააჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა-უნარები და შეეძლოს შესაბამისი სამსახურის შოვნა. პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას 750-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებასა და 100-ზე მეტი პროფესიული სასწავლო კურსის შექმნაში. შეიქმნა ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა, ვორქნეტი და საპილოტე დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. ამ აქტივობების შედეგად, 30 000-ზე მეტმა ადამიანმა იშოვა სამუშაო ადგილი, თუმცა მათი უმეტესობა თბილისსა და დიდ ქალაქებში დასაქმდა. ახალი პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ მსგავსი ქმედებების წარმატებულად განხორციელებას რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების სისტემებზე”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე დამხმარე კომპონენტს:

  • საქართველოს მთავრობასთან 30 მილიონი ევროს ოდენობის (დაახლოებით 95 მილიონი ლარი) სექტორის რეფორმის შესრულების კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც პირდაპირი ყოველწლიური დაფინანსების მიიღება მიღწეული შედეგების საფუძველზე;
  • ევროკავშირის ორი დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან მოწვეული საჯარო მოხეელეები დაეხმარებიან საქართველოს რეფორმების გატარებაში;
  • კერძო სექტორული ტექნიკური დახმარების პროექტები, როლებიც სათანადო დახმარებას გაუწევენ სამინისტროებს;
  • 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები გამოიყოფა კერძო ან საჯარო სექტორისათვის, ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რათა მოხდეს დასაქმების შესაძლებლობების ზრდა რეგიონებში; 

პროგრამა ემყარება 2013-2018 წლებში მიმდინარე, 27 მილიონი ევროს (დაახლოებით 80 მილიონი ლარი) ოდენობის „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. პროგრამის პირველი ფაზის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა შრომითი ბაზრის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, 69 მუნიციპალიტეტში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების გაფართოება და worknet.gov.ge  საიტის შექმნა. ასევე, გაუმჯობესდა პროფესიული განათლების ხარისხი, კერძოდ განახლდა და თავიდან დაინერგა 100-ზე მეტი დასაქმების სტანდარტი, გადამზადდა 762 მასწავლებლი და  ყველა საჯარო კოლეჯში დაინერგა სამეწარმეო სწავლება.

აღნიშნული აქტივობების შედეგად, ჯამში დაახლოებით 30,000 დასაქმებით დაინტერესებული პირი დასაქმდა. პროგრამის მეორე ფაზა მიზნად ისახავს აღნიშნული მიღწევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც დანერგოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"