აფხაზური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადავადდება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, დიდი ალბათობით, 25 აგვისტოსთვის გადავადდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებას დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წუხელ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიაღწია.

მოლაპარაკებები თავდაცვის დე ფაქტო მინისტრ მერაბ ქიშმარიას შუამავლობით იმართებოდა.

„21 მაისს აფხაზეთის პრეზიდენტმა ხაჯიმბამ შეხვედრა გამართა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან ნოდარ კაკუბავასთან, თეიმურაზ ხიშბასთან, სერგეი შამბასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი შამბა. პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, განეხილათ საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციისა და მოქმედი პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებების ვადების ფარგლებში – 2019 წლის 25 აგვისტოსთვის გადადების საკითხი. შეხვედრის მსვლელობისას ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ამას მხარს დაუჭერს, თუკი აფხაზეთის ცსკ დასაშვებად ჩათვლის პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟანიას დაუსწრებლად დარეგისტრირებას, ხოლო ცსკ–სთან მოქმედი სათანადო კომისია, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატებისგან სახელმწიფო ენის გამოცდას იბარებს, შესაძლებლად ჩათვლის, ბჟანიას გამოცდა 2014 წელს ჩაბარებული გამოცდის შედეგებით ჩაბარებულად ჩაუთვალოს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის წინადადებები მიიღეს“, – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: გუშინ აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.  ხსენებული მოთხოვნის საფუძველს ოპოზიციური ბლოკის მიერ დასახელებული ერთიანი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობა წარმოადგენდა. 

შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ბჟანია ამ დრომდე მოსკოვის კლინიკაში რჩება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp