კელი დეგნანი: „ნატო-ში გაწევრიანება უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვს“

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანის განცხადებით, „ნატო-ში გაწევრიანება უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვს“. ამის შესახებ დიპლომატმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა. 

„ნატო-ს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს და ალიანსში გაწევრიანება რთული პროცესია. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა მე ვმუშაობდი ნატო-ში და ვიცი, რომ საქართველომ ეს მოლოდინები ძალიან კარგად იცის და ამავე დროს საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ასევე ბევრს მუშაობს პოლიტიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ეს ასეც გაგრძელდება. ნატო-ს 2008 წლის დაპირება იმაზე მეტყველებს, რომ მოკავშირეებიც უჭერენ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია საქართველოზე, რომელმაც ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა დიპლომატმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლის გატარებაც საქართველოს მხრიდან აუცილებელია და ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.

„საქართველოში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, პლურალისტული საკანონმდებლო ორგანო, მრავალფეროვანი მედია, სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს პოზიტიური დამოკიდებულება ნატო-სადმი ციფრებშია ასახული; საქართველოს მოქალაქეთა 70% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას და 75% ევროკავშირში შესვლას. საქართველოს საზოგადოება, ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც ამ გზას ირჩევს. ჩვენ კი, უნდა დავეხმაროთ მათ საჭირო რეფორმების განხორციელებაში. აშშ-ი უნდა იყოს მტკიცე პარტნიორი და მხარდამჭერი. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად დიდი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი“, – განაცხადა ამერიკელმა დილომატმა.

სენატორის კითხვაზე, რამდენად ქმნის ე.წ. გაყინული კონფლიქტები იმის საფრთხეს, რომ ეს იქნება ბარიერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ „სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი,  რომ ამ კონფლიქტებმა შეაფერხოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია“. 

“სწორედ ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას კონფლიქტის აღმოფხვრაში და ვახორციელებთ ზეწოლას, რომ რუსეთმა შეუასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გამოვიყენოთ ჟენევის დისკუსიების ფორმატი და კონფლიქტის გადაჭრის გზები ვიპოვოთ. თავად საქართველოც რამდენიმე საინტერესო იდეით გამოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების რეინტეგრაციისთვის, რომ მოქალაქეებს შორის კონტაქტები უფრო მეტად დამყარდეს. თუმცა ამ ყველაფერს დასჭირდება დრო“, – დასძინა დიპლომატმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართული ბაზარი წელს 19-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა