საქართველო SGS-ს რუსეთთან 2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებულ კონტრაქტს უგრძელებს

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროს სამსონ ურიდიას მიენიჭა უფლებამოსილება, მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს წერილ-შეთანხმებას 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance SA-სთან (SGS) გაფორმებული კონტრაქტის ცვლილების შესახებ.  

შესაბამისი განკარგულება, რომელიც 17 მაისითაა დათარიღებული, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  

როგორც “აქცენტს” ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, “განსაკუთრებული არაფერი ხდება და საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ SGS-სთან კონტრაქტს, რომელსაც მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურებოდა, ეს ვადა გაუგრძელდეს”.

რაც შეეხება თავად ხელშეკრულებას, იგი, აბაშიძის განმარტებით, ავტომატურად ლონჟირდება, თუკი რომელიმე ხელმომწერი მხარე მისი შეწყვეტის საკითხს არ დააყენებს.  

ცნობისთვის: საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველომ რუსეთთან 2011 წლის ბოლოს, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერა ხელი. ხოლო მისი იმპლემენტაციისთვის შუამავალი შვეიცარიული მხარის წარმომადგენელ კერძო შვეიცარიულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი საქართველომ 2017 წლის 19 დეკემბერს გააფორმა. თუმცა მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც მთელი რიგი საკითხების ამ დრომდე შეუთანხმებლობასა და რუსული და ქართული მხარეების მიერ შეთანხმების რიგი პუნქტების განსხვავებულ ინტერპრეტირებას უკავშირდება.

იხილეთ ასევე მითები და რეალობა 2011 წლის დოკუმენტის შესახებ

მიმდინარე წლის 6–7 თებერვალს ჟენევაში რუსეთ–საქართველოს 2011 წლის შეთანხმების  იმპლემენტიციაზე მომუშავე ერთობლივი სამმხრივი (საქართველო-რუსეთი-შვეიცარია) კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა.  ქართულ მხარეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ჩინოსნები წარმოადგენდნენ.

„შეიძლება, ითქვას, რომ 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში პირველი ერთობლივი ნაბიჯი გადაიდგა. მეტს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე ნათქვამია თბილისისა და მოსკოვის განცხადებებში“, – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაშინ ხსენებული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

თბილისისა და მოსკოვის მიერ ნახსენებ განცხადებებში კი, რომელთა შინაარსი ფაქტობრივად იდენტური იყო, ინფორმატიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთი რამ შეიძლება, იყოს საყურადღებო: 6-7 თებერვლის შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

"6 თებერვალს ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა. შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები. ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს“, – ნათქვამი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp