გეგმავს თუ არა სახელმწიფო ივანიშვილისთვის 22 სანატორიუმს 1 ლარად გადასცემს - მინისტრის კომენტარი

„დეტალებს მოგახსენებთ მომავალში, მაგრამ ეს მოხდება კანონთან შესაბამისობაში. აქ მთავარი ისაა, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და არა - დავუშვათ ასეთი მცირე დეტალები”, - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, გამორიცხავს თუ არა ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემას.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში წყალტუბოს პრივატიზების თემა არ დგას.

მინისტრის შეფასებით, „მთავარია ის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ივანიშვილი“.

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად რევოლუციური გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება. მან გამოიჩინა ეს ინიციატივა. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ მოხდება, რა ვადებში და ა.შ. ეს არის ის დეტალები, რომლებზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ იმიტომ, რომ ეს ინიციატივა გაჟღერდა გუშინ, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ადამიანი ქველმოქმედების ფარგლებში, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მზადაა, რესურსული მხარე აიღოს თავის თავზე, სისტემური მიდგომა შეკრას და ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს სხვა ბიზნესებთან ერთად”, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ „წყალტუბოს საკითხი მთავრობების წინაშე ბოლო 20 წელია, რაც დგას”.

“მათ შორის 2004 წელს იყო ამის მცდელობა, ასევე ჩვენ, 2017 წლიდან ძალიან აქტიურად ვთავაზობდით ინვესტორებს... მოხერხდა გარკვეული წერტილოვანი პრივატიზაციები, მაგრამ ეს არის ალბათ, მხოლოდ 10% იმ საპრივატიზაციო ობიექტების, რაც გატანილი იყო და იქაც თუ შეხედავთ, ინვესტორები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს არის ძალიან დიდი ამოცანა. დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული, ბიზნეს-რისკებთანაც არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ცალკეული ინვესტორები ამას ვერ უმკლავდებიან. ამიტომ, გამოიკვეთა აუცილებლობა ასეთი სისტემური მიდგომის და მძლავრი ინიციატივის, რომელიც ნაწილ რისკებს თავის თავზე აიღებს, შეასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წერილობით განცხადებით გვამცნო, რომ აპირებს წყალტუბოში 22 სანატორიუმი გამოსყიდოს, რომელთაგან 15 ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზეა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი