"მძევლად ვინ ვინ აიყვანა, ეს კიდევ საკითხავია"

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, არასამართლიანია განცხადება, რომ კონსორციუმი ცდილობს, სახელმწიფო მძევლად აიყვანოს. 

"კორექტულად რომ ვთქვა, მძევლად ვინ ვინ აიყვანა, ეს კიდევ საკითხავია",- განაცხადა დეპუტატ აკაკი ზოიძის კითხვის საპასუხოდ ახვლედიანმა. ზოიძის თქმით, არსებობს „მძევლად აყვანის“ ტაქტიკა, როდესაც თავდაპირველად კომპანია კარგი პირობებით შედის ტენდერში და გამარჯვების შემდეგ ახალ მოთხოვნებს აყენებს. 

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ პირობები მოლაპარაკებადი იყო და დამატებითი მოთხოვნები, რომელსაც ინვესტორები აყენებენ, მათ შორის 150-მილიონიან საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით, მთავრობა „გაზაფხულიდან მაგიდაზე ედო“.

„ტენდერის პირობები იყო ძალიან მარტივი. იყო ხელშეკრულება, სადაც დასაწყისში დიდი ასოებით, წითლად ეწერა, რომ ამ ხელშეკრულების ყველა პირობა იყო მოლაპარაკებადი, ერთი პირობის გარდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო მართული ხელშეკრულება. კონსორციუმმა გადავწყვიტეთ ამ მოლაპარაკებებში შევსულიყავით, სხვებმა გადაწყვიტეს, რომ არ შესულიყვნენ, ამიტომ არ მგონია ჩვენს რომელიმე კონკურენტს პრეტენზია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვითხოვთ სუვერენულ გარანტიას. ჩვენ არც ამ 150-მილიონიანი ფონდის შექმნას ვითხოვთ. ეს მოთხოვნილია ჩვენი ინვესტორი ბანკების მიერ,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას ტვირთბრუნვის საკითხთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ალტერნატივა წარუდგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება 150 მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები მონაწილეობას 50 მლნ დოლარით მიიღებდნენ. დამატებით, ევროკავშირმა გამოთქვა სურვილი, რომ 50 მლნ დოლარით მიიღოს მონაწილეობა და ევროკავშირმა წინაპირობა დააყენა, რომ მთავრობამაც 50 მილიონი დოლარით მიიღოს მონაწილეობა ამ გარანტიაში. ახვლედიანის თქმით, ჯერჯერობით აღნიშულზე მთავრობასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი – დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი პირადი მობილურის ხმის ჩამწერი აპლიკაციიდანაა ამოღებული