"პირველი არხი" აზარტული თამაშების რეკლამაზე უარს ამბობს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი"  ეთერში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობს.

"პირველი არხის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას.

„მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, - ნათქვამია "პირველი არხის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

"პირველი არხი" აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობს შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

მაუწყებლის განცხადებით, „აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს "პირველი არხი" მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას“.

ცნობისთვის: გუშინ ტელეკომპანიის ოპერატორის სანდრო ბერაძის ცხედარი ცხვარიჭამიასთან იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ"