კადიროვის კარის ინტრიგები

საბჭოთა პერიოდში დასავლელი პოლიტოლოგები დაჟინებით ცდილობდნენ, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ამა თუ იმ წევრის გავლენის სიძლიერე განესაზღვრათ იმაზე დაყრდნობით, ვინ სად და როგორ იჯდა სხდომებზე მაგიდასთან. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ჩეჩნეთში: იმის მიხედვით, როგორ ურთიერთობს რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი კრებებზე თავის ქვეშევრდომებთან, შესაძლებელია, გამოიტანო დასკვნა კადიროვის სახელისუფლებო იერარქიაში ამა თუ იმ პირის ფაქტობრივ რანგზე.

ამჯერად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად უცხოეთში მგზავრობიდან დაბრუნებისთანავე რამზან კადიროვმა სხდომა ჩაატარა, რომელზეც მის მიერ უახლოესი გარემოცვიდან 8 სექტორის ხელმძღვანელებად დანიშნულ პირთა მოხსენებები მოისმინა. დამკვირვებლებმა ეს რესპუბლიკაში ვითარების პირადი მკაცრი კონტროლის ქვეშ აყვანის მცდელობად შეაფასეს.

თითოეული სექტორის ხელმძღვანელმა პირებმა რესპუბლიკის ლიდერს მიღწევები ჩამოუთვალეს, რომელთა შორის ყველა კადიროვის სახელთან იყო დაკავშირებული. თითოეული მოხსენება მისი სახელით უნდა დაწყებულიყო და დასრულებულიყო. ამ ფონზე რთული იყო, ვერ შეგემჩნია უკმაყოფილება კადიროვთან დაახლოებული ერთ-ერთი პირის - პარლამენტის სპიკერ მაგომედ დაუდოვის მიმართ. ამ უკანასკნელმა მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კურჩალოის რაიონში გაზთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ წყვეტდა. ამან მწყობრიდან გამოიყვანა კადიროვი. მან „გაკვირვება“ გამოთქვა იმის გამო, რომ მის მიერ რესპუბლიკაში დანიშნული ლამის მესამე პირი „ვერ წყვეტდა საკითხს, რომელსაც მისი სახელით ბავშვიც კი მოაგვარებდა“. საბოლოო ჯამში დაუდოვი სექტორის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და მისი ადგილი ლომალი ბაიმურადოვს გადაულოცეს, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში „გაზპრომის“ სტრუქტურას - „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ გროზნის“ ედგა სათავეში.

თავად დაუდოვი მომხდარს სოცქსელებში არანაირად არ გამოჰხმაურებია, მხოლოდ კადიროვისადმი მისალოცი პოსტი გამოდო მის მორიგ რეკორდთან დაკავშირებით.

კადიროვის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წევრთან საუბრისას „კავკაზრეალიმ“ გაარკვია, რომ „ყველა ნევროტულ მდგომარეობაშია: არავინ იცის, რას ელოდოს და საქმე აქ მხოლოდ დაუდოვში არ არის - კადიროვის გუნდის ყველა წევრი დაძაბულია და ცდილობს, განსაზღვროს, ვინ იქნება შემდეგი“.

უნდა აღინიშნოს, შავმა ღრუბლებმა თავმოყრა ბევრად ადრე დაიწყეს, როცა ხმები დაირხა კადიროვის წინააღმდეგ რაღაც შეთქმულების თაობაზე. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ სტატიაში ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ დაწერა და უახლოეს ხანებში კადიროვის ახლო გარემოცვის წევრი ჩეჩენი ჩინოსნებისა და მათი ნათესავების მოსალოდნელ დაკავებებზე მიანიშნა. მისი ინფორმაციით, „წმენდაში“ მოყვნენ არგუნის ყოფილი მერი იბრაჰიმ თემირბაევი ნათესავებითა და დაცვის წევრებითურთ;  ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი რუსლან იახიევი; ყოფილი დეპუტატი შამილ მაგომაევი; სატყეო მეურნეობის ექსმინისტრი დიკმაგომედ მულაევი; ყოფილი ვიცე-პრემიერი ხალიდ ვაიხანოვი; რესპუბლიკის საგზაო მილიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი შამხან დენილხანოვი და მილიციის გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი.

სტატიას სასწრაფო რეჟიმში გამოეხმაურა ჩეჩნური ტელევიზია: „შეთქმულების მონაწილეთა“ უმრავლესობა გამოკითხეს და სტატიაში მონათხრობის უარყოფა აიძულეს, თუმცა ამ გადაცემამ ახალი კითხვები წარმოშვა „ამბოხებულთა“ წინააღმდეგ კადიროვის მიერ ორგანიზებული რეპრესიების ალბათობასთან დაკავშირებით.

თუმცა სიუჟეტში არ იყო ნახსენები მილაშინას რეპორტაჟის მთავარი მოქმედი პირი - არგუნის ექს-მერი თემირბაევი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი თავის ქმედებებში „მთლად თავისუფალი არ არის“. თუმცა იმის გათვალისწინებით, რას სჩადიოდა თემირბაევი და მისი ხალხი, არგუნელები მის ბედთან დაკავშირებით დიდად დამწუხრებულები არ არიან.

სიუჟეტში არ იყო ნახსენები არც ყოფილი დეპუტატი იდრის გაიბოვი, რომლის ბედი ასევე უცნობია.

4 ოქტომბერს შვებულებაში გასული ყოფილი მინისტრების პასუხებმა საგონებელში ჩააგდო რესპუბლიკის მაცხოვრებლები და მხოლოდ გაუმყარა ეჭვები შვებულებაში გასვლის ოფიციალურად დასახელებულ მიზეზებთან დაკავშირებით. მაგალითად, ექს-დეპუტატმა მაგომაევმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და განაცხადა, რომ „19-წლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ უკვე 1 წელია, შვებულებაშია“.  

„შეთქმულების“ ერთ-ერთი ფიგურანტი, შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი მოღვაწეობას    იტუმ-ყალისა და შატოის რაიონებზე ზედამხედველობის სექტორის ხელმძღვანელის რანგში აგრძელებს და ფაქტია, რომ მასაც არ აქვს მთლად კარგად საქმე. ყველამ შენიშნა, რომ ალაუდინოვი ერთადერთი იყო, ვინც საჯაროდ არ მიულოცა დაბადების დღე კადიროვის უახლოეს მეგობარს - აბუზაიდ ვისმურადოვს.

რესპუბლიკის მაცხოვრებლები, რომელთა დიდ ნაწილს თავად შეთქმულების ვერსიის არ სჯერა, თანხმდებიან, რომ კადიროვის გარემოცვაში რაღაც სერიოზული ხდება. თუმცა ჯერ მთლად გასაგები არ არის, ეს თავად ჩეჩნეთის ლიდერის მიერ არის ინიცირებული, თუ ვისმურადოვის, რომელიც შეთავსებით კადიროვის პირადი დაცვის უფროსია (ოფიციალურად იგი ჩეჩნეთში როსგვარდიის ქვედანაყოფ „თერგის“ მეთაურია).  

წყარო: www.kavkazr.com

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი