მეუფე პეტრე მის მიმართ სასჯელის შესაძლო დაწესებაზე: "თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია"

თუ წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, - ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისდამი შესაძლო სასჯელის დაწესებას შეეხებოდა.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო:

„საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქნას და ყველა ადამიანის, პიროვნების, ჩემი თუ დაბალი იერარქის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით".

ცნობისთვის: ამ წუთებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება. თუმცა სხდომის დღის წესრიგი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სინოდის სხდომის ჩანიშნვას წინ უძღოდა ბოდბელი მეუფის იაკობის სკანდალური განცხადება, რომლის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა