"გამოთქმა „გვეშველება რამე?“ ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "გამოთქმა „გვეშველება რამე?“ ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ". ამის შესახებ ხაზარაძემ "თბილისი ცენტრალში" მისი პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის დაწყების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ საქართველოს დანაწევრება დამთავრდეს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა მოვდივართ ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც. ეს არის ადგილი, საიდანაც მივემგზავრებით ან მოვემგზავრებით, ეს არის შეხვედრის ადგილი. სადგური ისტორიულად არის შეხვედრის ადგილი და ჩვენ გვინდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ ეროვნების ადამიანები იკრიბებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისი მარტო აქ იქნება. ჩვენი ოფისი იქნება ქვეყნის რეგიონებში, ყველგან აბსოლუტურად, ყველა დიდ ქალაქში. ყველა სოფელში ჩავალთ, ყველა ადამიანს შევხვდებით მთელი ჩვენი გუნდი. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ყველაზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა ქვეყნისთვის არის ნიჰილიზმის დაძლევა, ეს არის იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ – გვეშველება რამე?! ეს სიტყვა უნდა ამოვაღებინოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება თუ ვიდგებით ერთად, თუ ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: დღეს მოძრაობა „ლელომ“ „ღია კარის“ პროექტი დაიწყო. მოძრაობის პირველი „ღია ოფისი“ მამუკა ხაზარაძემ „თბილისი ცენტრალში“ გახსნა და პირადად დაარეგისტრირა მის პარტიაში გაწევრიანების მსურველები. მამუკა ხაზარაძე პარტიას ოფიციალურად 12 დეკემბერს დააფუძნებს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"