თალაკვაძე პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის გადაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმართა შეწყალებაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე პრინციპის გათვალისწინება.

არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, სადაც მათ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინეს პოზიცია და მოსაზრებები, თუ რა პრინციპების გათვალისწინება იქნება მნიშვნელოვანი შეწყალების გადაწყვეტილებების მიღებისას მომავალში.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს აღნიშნული პრინციპების ჩამონათვალს:

„საჭიროა გათვალისწინებული იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით; გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან; სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირების შეწყალება; არ უნდა მოხდეს პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებულის შეწყალება; შეწყალება სასურველია იყოს საგამონაკლისო წესით გამოყენებული“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქპოსტში.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიური იყო.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განახლებულ ბრძანებულებას გამოსცემს, რომელშიც ჩვენი პოზიცია იქნება გათვალისწინებული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს კონსულტაციისთვის ამ საკითხზე. ჩვენ ვიმუშავეთ და ჩვენი პოზიცია წარვუდგინეთ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია