საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

თბილისს გაზაფხულზე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ერდოღანი საქართველოში პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით ჩამოვა.

ერდოღანმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უსაფრთხების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნებიც განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

"საქართველოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თურქეთსა და საქართველოში ერთობლივი წვრთნების ჩატარება წელსაც გავაგრძელეთ. 2200-მდე ქართველმა სამხედრო პერსონალმა თურქეთში ჩატარებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა კურსებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება", - განაცხადა ერდოღანმა.

შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ენერგო თუ სატრანსპორტო პროექტებზეც, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოსთან კავშირები მხოლოდ მილსადენებისა და სარკინიგზო ხაზებისგან არ შედგება.

"2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, არა მხოლოდ ვიზები გავაუქმეთ, არამედ უზრუნველვყავით უპასპორტო მიმოსვლა. საქართველოსთვის, სადაც ჩვენს მოქალაქეებს პირადობის მოწმობებით შეუძლიათ მოგზაურობა, თურქეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, რითაც ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ. ვადასტურებ ჩვენს ნებას, ურთიერთსარგებლის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ნება, რომ 1,5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამ ფარგლებში, თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გამარტივების პოტენციალით მეტად სარგებლობისთვის, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ და ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ძალიან მალე ანკარაში გასამართი თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა იქნება", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაიხადა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა:

"იგი გახლავთ ლიდერი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა. მჯერა, რომ ძვირფასი მეგობრის ლიდერობისას საქართველო განაგრძობს განვითარებას და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. შეხვედრაზე ჩვენი ისტორიული კავშირები, ერთობლივი ფასეულობები და მეზობლობით ჩვენთვის მოტანილი შესაძლებლობები განვიხილეთ. დღეს მითითება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს და უახლოეს მომავალში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა. ჩვენს მეგობარ საქართველოსთან ვაჭრობიდან ტურიზმამდე, ენერგეტიკიდან თავდაცვამდე, ყველა სფეროში განვითარებადი ურთიერთობები გვაქვს. მჯერა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება".

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი თურქეთში დღეს, 31 ოქტომბერს დაიწყო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი არიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"