"მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები პატრიარქზე, არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე"

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

„საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა