“თანასწორობის მოძრაობა": "მიუღებელია ორიენტაციის გამოყენება ანგარიშსწორებისთვის"

"თანასწორობის მოძრაობა" სინოდის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკაონ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებისგან.

"გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს. 

საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, თუ საჯარო მსვლელობებით, ყოველთვის ახალისებდა ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და ხელს უშლიდა ლგბტ ადამიანების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. ამ ხისტმა პოზიციამ განსაკუთრებით დააზარალა ლგბტ მოძრაობის მცდელობა, დაეცვა თემის უფლებები. ამის საილუსტრაციოდ კმარა 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება ოჯახების სიმტკიცის დღედ და ყოველ 17 მაისს ჰომოფობიური მსვლელობების გამოჩენა თბილისის ქუჩებში მღვდელმსახურების მონაწილეობით. 

დღეს, როდესაც თავად საპატრიარქოა ჰომოფობიური შეტევის სამიზნე, რომ მის მწყემსმთავრებს თუ მღვდელთმსახურებს შორის შესაძლოა იყონ ლგბტ თემის წევრები, ისევ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას აზარალებს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტ პეტრეს დაპირება, რომ იგი მოიყვანს ორ მოწმეს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. 

ერთი მხრივ საპატრიარქოს მტრული პოზიცია ლგბტ თემის მიმართ და მეორე მხრივ განცხადებები ეკლესიის მეთაურის ჰომოსექსუალობის შესახებ, შესაძლოა სკანდალურად ჟღერდეს, მაგრამ ამან მაინც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელწიფოსთვის უცნობი, საეკლესიო სამართლის რიტორიკას ეფუძნება, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა გავემიჯნოთ. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა  აქვს, თუ როგორ წარიმართება დისკუსია და საჯარო განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიუღებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება პირადი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიას, რათა ნათლად გაემიჯნოს დამაკნინებელი და მადისკრედიტებელ გამონათქვამებს, რომელიც მთლიანად ლგბტ თემზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკაონ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებისგან, ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზებისგან", – ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"