სამართალდამცველთა და მოხელეთა დანაშაულს დღეიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

დღეიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულმა კანონმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, ამ სამსახურს მიანიჭა სამართალდამცველებისა და მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უფლებამოსილება. მისი განხორციელების დაწყების ვადად 2019 წლის 1 ნოემბერი განისაზღვრა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება შემდეგ დანაშაულზე:

  • წამება;
  • წამების მუქარა;
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
  • მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;
  • სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებით და აღჭურვილია გამოძიებისთვის საჭირო ტექნიკითა და ინსტრუმენტებით.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები იმუშავებენ თბილისსა და ქუთაისში. აღმოსავლეთის და დასავლეთის სამმართველოებში 16 გამომძიებელია. 1 ნოემბრიდან ამოქმედდება 24 საათიანი ცხელი ხაზი, ნომრით 199.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე.

სამართალდამცავების და მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გამოძიების გარდა, ამ სამსახურის კომპეტენციაა "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი" და "ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა