პროკურატურა – მეუფე იაკობის განცხადებაზე: “გამოძიების საფუძველი ვერ გახდება განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი უარყოფს”

საქართველოს გენპროკურატურა მეუფე იაკობის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს”.

"აქცენტი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს.

პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას. აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას.

სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა  თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად". 

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

მოგვიანებით, საქართველოს გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, "გამომდინარე იქიდან, რომ მასში დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა".

რა წერია სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში მეუფე იაკობის შესახებ:

"წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები"


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აჭარის მთავრობის შენობასთან ვითარება დაიძაბა