ჩვილის მკვლელობის გარემოებებზე ახლობლები საუბრობენ

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს მოკლული ჩვილის ახლობლები ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, ჩვილი მამამ გარდაცვლილი საწოლში გამთენიისას აღმოჩინა. 

"ბავშვი ჩაცმულ მდგომარეობაში იწვა საწოლში. დაიწყო ცოლის ძებნა, ვერსად იპოვა. ოჯახში ატყდა ამბავი. ცოლი რომ ვერ იპოვა, ეჭვი გაჩნდა –  რატომ გაიქცა, თუ არაფერი დაუშავებია? პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. ბავშვის ცხრდარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ დედამ დანაშაული აღიარა. ის დეტალურად მოჰყვა, რა და როგორ ჩაიდინა. ბავშვის დედა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლემ და ოჯახის სხვა წევრებმა დაიძინეს, საკუთარი ხელით გაგუდა ბავშვი. მოტივი არ ვიცი, როგორც თავად ამბობს, ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ რატომ, არ ვიცით. მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო",- განაცხადა მარიამ დემეტრაშვილმა.

მან არ იცის, რა ვითარებაში დააკავეს ქალი. 

ცნობისთვის: 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის 17 წლის დედა დააკავეს. 


შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

"დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp