“ეს არ არის ჩვეულებრივი “გაყინული” კონფლიქტი, ეს არის ძალიან “ცოცხალი”, მიმდინარე საფრთხე”

ინტერვიუ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან. 

- ქალბატონო ქეთი, დავიწყოთ ბოლო პერიოდში ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობით. ვიცით, რომ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს, გადასასვლელები გახსნას, თუმცა ის კვლავინდებურად ჯიუტობს და დაჟინებით მოითხოვს წნელისის საგუშაგოს ლიკვიდაციას. ამ ვითარებას უკვე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა – ახალგორელი ქალბატონი მარგო მარტიაშვილი დე ფაქტო საზღვრის აქეთ ვერგადმოყვანის გამო ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციაში ინსულტით გარდაიცვალა. ამ ვითარებაში რა გეგმა აქვს თბილისს?

- როდესაც წლის დასაწყისში სრულიად გამოგონილი – კარანტინის მიზეზით მიმოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი დროით როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით შეწყვიტეს, მაშინვე ვუთხარი პარტნიორებს, რომ ეს იყო ერთგვარი ტესტი და რომ არსებობდა ამის განმეორების რისკი. ტესტი - იმის, გაუძლებდა თუ არა ხალხი, რა შედეგი შეიძლებოდა, დამდგარიყო კომუნიკაციის გაწყვეტით, დადგებოდა თუ არა საჭიროება მიმოსვლის აღდგენისა და ა.შ. ახლა კონკრეტული მიზეზი სახელდება - ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო და სურთ, ქართულ მხარეს პოზიცია შეაცვლევინონ, რისთვისაც ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ აყვანილი ახალგორისა და მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა. ეს არის ზეწოლის ბერკეტი და ამის გამო ადამიანები იტანჯებიან.

ჩვენი მოწოდებაა, რომ მიმოსვლის თავისუფლების თემა, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განეკუთვნება, ჩაეხსნას სხვა თემებს: მიმოსვლის თავისუფლება ხომ არა მარტო ქართველებს, არამედ ოსებსაც ეხებათ, იგი კავშირშია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და საჭიროებებთან, რომელთა უზრუნველყოფა ყველას პასუხისმგებლობაა, მისგან არავინ არის თავისუფალი, მათ შორის - არც ოსი, არც რუსი.

ამისაკენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ ცხინვალს, არამედ ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ ამ საკითხს. პირადადაც მქონდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ზოგჯერ - პირდაპირ, ზოგჯერ – ირიბად...

გარდა იმისა, რომ მოვუწოდებთ, ვმუშაობთ: გუშინაც მქონდა ორი შეხვედრა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში. ვსაუბრობდით არა პრინციპების, არამედ კონკრეტული ნაბიჯების დონეზე: როგორ მივაღწიოთ გადასასვლელების დაუყონებლივ გახსნას და რა დამატებითი ზომები უნდა მივიღოთ არსებულ ვითარებაში, რომ ადამიანებს არ შეექმნათ პრობლემები; როგორ უნდა გააქტიურდეს მათთან კომუნიკაცია - სად დარეკონ, ვის მიმართონ, რათა არ ჰქონდეთ შიშის განცდა. როდესაც დგას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი... ამ პერიოდშიც გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადმოყვანილ იქნა არაერთი ადამიანი. ინფორმაციის მოწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის უნდა გააქტიურდეს ან “ცხელი ხაზი”, ან “წითელი ჯვარი”, ან მოხდეს პირდაპირი კონტაქტი, რომ ჩვენი მცდელობაც მივაყოლოთ.   

ლოკალურად მუშაობა საჭიროა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ სამუშაოა მათთან, ვინც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ანუ რუსეთთან. უახლოეს დღეებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს აქვს დაგეგმილი შეხვედრები, ასევე ეუთო-ს წარმომადგენლებს. საქართველოში იმყოფებოდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეც და პრემიერთან შეხვედრაზე მას სწორედ მარგო მარტიაშვილის ტრაგედიის მაგალითზე ავუხსენით, რა მძიმე მდგომარეობაა ოკუპირებულ რაიონში. ამ ინფორმაციას გარკვეული  რეაგირება მოჰყვა, ბევრი განცხადება გაკეთდა და, ასე ვთქვათ, ზეწოლის ტემპერატურა იწევა. ჩვენ ეს ბერკეტი გაგვაჩნია - დაეკონტაქტო და თუნდაც შუალედური გამოსავლები ეძებო. მაგალითად, ვისაც სამედიცინო ევაკუაცია სჭირდება, მინიმუმ, მათ მაინც რომ არ შეექმნათ პრობლემა. მსგავსი შეთანხმება მოქმედებდა ენგურზეც, როდესაც  ზაფხულში გადასასვლელი იყო დაკეტილი.

ზოგადად, გადასასვლელების ჩაკეტვის ტენდენცია დაიწყო 2015 წლიდან და მრავლისმთქმელია, რომ ამით ხალხის ნაკადს ვერ აჩერებენ. თუ დააკვირდით, რამდენიმე დღის წინ ოსურმა ე.წ. უშიშროებამ გაავრცელა განცხადება, „გახსოვდეთ, რომ გადასასვლელები დაკეტილიაო“. იცით, რატომ გააკეთა ეს განცხადება? - ვეღარ აუდიან, იმდენი ადამიანი ცდილობს გადმოსვლას და ეს მარტო ახალგორელებს არ ეხებათ - ვსაუბრობ მთლიანად რეგიონის მაცხოვრებლებზე. აქამდე სხვადასხვა ხელოვნური საბაბებით ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, ახლა კი ღიად ამბობენ, “რაღაც მოქმედების გამოწვევა გვინდა და სანამ ასეა, მოსახლეობაც ასე იქნებაო”... მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ვისაც [ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში] გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებათ, გააცნობიერებენ, რა უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგს დებენ მსგავსი მოქმედებით: ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, სხვებს არ აქვთ მედიკამენტები... უამრავი ადამიანი პირადად მწერს და არა მხოლოდ ქართველები, უკვე ოსებიც - გადასასვლელების ჩაკეტვა მათთვისაც შემაშფოთებელი “წითელი ხაზია”, რადგან მათ სასიცოცხლო ინტერესებსაც ემუქრება; აინტერესებთ, როდის გაიხსნება, რა გააკეთონ მანამდე... ბევრი ჩემი აპარატის თანამშრომლებს სწერს. ჩვენც ფაქტობრივად მოსახლეობას ვაბარებთ ანგარიშს, ვუხსნით, თუ რას ვაკეთებთ და საჭიროების დროს ვისთან გავიდნენ კონტაქტზე, რომ მავთულხლართებითა და ტანკებით გამყარებული კედლის მიღმა როგორმე დავეხმაროთ.

ჩვენ არ გავჩერდებით! უამრავი პროექტი გვაქვს, ჩართულობის უამრავი მექანიზმი და ძალიან ბევრმა იგივე ცხინვალიდან უკვე გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, რაც ჩემთვის ძალიან კარგი სიახლეა. ამ ადამიანებს [ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს] რაციონალურად სურთ უკეთესი ცხოვრების მოწყობა და მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ.

- გადასასვლელების ჩაკეტვას ოსური მხარე წნელისის ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნას უკავშირებს. ცხადია, ამ საგუშაგოს გახსნით ქართულმა მხარემ აბსოლუტურად ლეგიტიმური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, არ ჯდება მმართველი გუნდის პოლიტიკაში, საოკუპაციო ხაზთან ვითარების გამწვავებას მაქსიმალურად აარიდოს თავი. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი? ეს ერთჯერადი ღონისძიება იყო, თუ რაიმე სტრატეგიის ნაწილი და მომავალშიც  იგეგმება შემდგომი ნაბიჯები?

- არსებობს კომპონენტები, რომელიც ეხება შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მე ამაში არ და ვერ ჩავერევი. მაგრამ ზოგადად, ეს ერთჯერადი ღონისძიება კი არა, პროცესია: იქ სულ მიმდინარეობს რაღაც - არსებობს სტანდარტული საპოლიციო პუნქტები, ამ წლების განმავლობაში რაღაც გადაადგილებები ხდებოდა, ასე, რომ ამჯერად არ განხორციელებულა რაიმე არასტანდარტული, უბრალოდ წინა შემთხვევებს ოსური მხრიდან მსგავსი სკანდალი არ მოჰყოლია.

სადაც არ უნდა დგამდეს ცენტრალური ხელისუფლება საგუშაგოს, ეს იურიდიულად გამართლებულია, მაგრამ ესეც რომ არა, საგუშაგო განთავსდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა იმ ნორმისა და სპეციფიკის დაცვით, რომელთან დაკავშირებითაც ვალდებულება გვაქვს აღებული, - ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ამდენად, ის, რაც ხდება, დაძაბულობის კერის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა. ცხინვალი ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნის დაყენებისას საბაბად აცხადებს, „საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობასო“.... მაგრამ პოლიციის საგუშაგო დგას სწორედ იმისთვის, რომ ადგილზე უსაფრთხოება უზრუნველჰყოს და ამ მხრივ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩორჩანას მკვიდრებზეა საუბარი, წნელისისაზე, ოსებზე თუ ქართველებზე. მათ [ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ] ძალიან კარგად იციან, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოდან ძალის გამოყენების საფრთხე არ არსებობს...

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ცხელი ზაფხული იყო, ძალიან გამომწვევი პროვოკაციებით და ისინი ახლაც გრძელდება.

- მიზანი?

- ფართოდ რომ შევხედოთ საკითხს, რეგიონულ ჭრილში გადავავლოთ თვალი, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და მათ ფონზე, როგორც ჩანს, უფრო თამამად გრძნობს თავს საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ამ ტალღაზე გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობს.

- ამას ერთგვარად ხელი ხომ არ შეუწყო „არგაღიზიანების პოლიტიკამ“, რომელსაც წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ ვაწარმოებდით?

- ეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომში არჩათრევის და პროვოკაციებზე არწამოგების პოლიტიკაა, რათა ისევ დარტყმის ობიექტად არ ვიქცეთ. დიახ, ომის არიდების პოლიტიკას ვაწარმოებდით და გავაგრძელებთ კიდეც. ომის არიდების პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე „ბაბაია“ ვიძახოთ, არსებობს პრინციპები. ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, პირობითად, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, რათა ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, არ შეიცვალოს კურსი, როცა ძალიან უნდათ, სხვა ორბიტაში შეგვისრუტონ; არ გადავუხვიოთ ეკონომიკური განვითარების გზას, რისთვისაც დაგვარტყეს ზაფხულში [კრემლის ავიაემბარგო]; არ გადავუხვიოთ დემოკრატიული განვითარების გზას... ჩვენ ნეიტრალურ გარემოში არ ვვითარდებით - ქვეყნის ტერიტორიის 23%-ზე ოკუპაცია მიმდინარეობს და უბრალოდ კი არ უჭირავთ ეს ტერიტორიები, ეს “ცოცხალი” პრობლემაა: ადამიანებს აკავებენ, კლავენ, მავთულხლართებს უვლებენ ეზოებში... სულ პროვოკაციას უნდა ერიდო, სულ უნდა იბრძოლო, მოსახლეობის ინტერესები დაიცვა... ანუ, სულ უკან გვექაჩებიან და ჩვენ მაინც წინ მივდივართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გარემოში თავისთავად მიღწევაა. ამასთან, ვინარჩუნებთ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის მიმართაც ორივე რეგიონში - ცხინვალსა და აფხაზეთში მგრძნობელობა ძალიან მაღალია. ჩართულობის სურვილი წარმოუდგენლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოვაქვეყნეთ. ამდენად, მგონია, რომ სწორი გზით მივდივართ.

- შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რომ ბრძანა ამასწინათ, “ეს არ არის მცოცავი ოკუპაციაო”, ამ განცხადებას როგორ აფასებთ?

- ვეთანხმები შინაარსში, რომ ახლა კი არ მიდის მიტაცება და ოკუპაცია, არამედ 2008 წელს რაც მიიტაცეს და რისი ოკუპაციაც მოახდინეს, იმას ღობავენ. სულ მიდის საუბარი [პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან] მცოცავ ოკუპაციაზე, იმაზე,რომ "ახლა დამატებით ტერიტორიებს ვკარგავთ" და ა.შ. მაგრამ რეალურად, ამ ტერიტორიებზე 2008 წლიდან რუსული ФСБ-ს ჯარები პატრულირებენ.

- მაგრამ ამასწინათ გუგუთიანთკარში განვითარებული მოვლენებს რა შეფასება უნდა მიეცეს მაშინ?

- იმ სახლებში, სადაც მავთულხლართები გაავლეს, მოსახლეობა ვეღარ ცხოვრობდა და ვეღარც მიწებს ამუშავებდა, რადგან ისინი ფაქტობრივად ოკუპირებული იყო. ეს ოჯახები ცხოვრობენ გორში და კომპენსაცია აქვთ აღებული სწორედ იმიტომ, რომ ეს სახლები და ტერიტორიები ოკუპირებული იყო. თუმცა ცხადია, ეს არ ამართლებს [ოკუპანტს], თანაბრად მძიმე და აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესია.

- იყო ასევე შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს წვდომა ჰქონდათ სახნავ-სათეს მიწებზე და დღეს ეს წვდომა აღარ აქვთ...

- დიახ, ადამიანები ახლაც დადიან სიცოცხლის რისკის ფასად ოკუპირებულ ნაკვეთებზე, რადგან ეს მიწები მათია. თქვენი აზრით, ვის იჭერენ ყოველ მეორე დღეს? - მათ, ვინც საკუთარ მიწაზე მუშაობს. გუგუთიანთკარში საოკუპაციო ხაზი რამდენიმე მეტრით მართლაც გადმოსწიეს; დვანშიც უნდოდათ ამის გაკეთება, თუმცა საბოლოო ჯამში, ისევ ძველ ადგილზე დატოვეს. რეალური გადმოწევა იყო, როდესაც ბანერი წითელუბანთან ტრასაზე დაამონტაჟეს და მიტაცებულ ტერიტორიაზე მილსადენის ნაწილიც მოჰყვა. ამ მხრივ მასშტაბური ეპიზოდები იყო 2009 წელს, 2011 წელს, შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების დროს. აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის გავლებას და გვეუბნებიან, რომ მიყვებიან რაღაც რუქას, რაშიც ჩვენ არ ვეთანხმებით...

- რჩება შთაბეჭდილება, რომ პროგნოზირებადია, რა ლოკაციებზე ველოდოთ ამ მხრივ ოკუპანტების შემდგომ აქტივობებს... სულ ცოტა ხნის წინ, მაგალითად, ჩორჩანას ტყეში გააბეს ყვითელი ლენტები და მერე გაიხსნა წნელისში ქართული საგუშაგო. სუს-ის წარმომადგენელმა ანთაძემაც ბრძანა, “რომ არ გაჩენილიყო ეს ლენტები, თემა [სავარაუდოდ, საგუშაგოზე – რედ.] აქტუალური არ იქნებოდაო”...

- ეს სუს-ს ჰკითხეთ. მე ზუსტად ვიცი ის, რაც დაადასტურა ევროკავშირის მისიამაც: ეს არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ანუ ისინი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შემოსულები. ჩორჩანა “ცოცხალი”, მიმდინარე პრობლემაა…

რაც შეეხება საგუშაგოს, ქართულ მხარეს არანაირი სხვა მოტივით თუ მიზნით არ გადაუდგამს და არც მომავალში გადადგამს ნაბიჯს, გარდა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა.

- მესმის, მაგრამ მე ვიკითხე, იდგმება თუ არა ჩვენი მხრიდან და თუ იდგმება, რა ნაბიჯები იმ პირობებში, როცა ოკუპანტების შემდგომი ქმედებების, კონკრეტული ლოკაციების პროგნოზირება შესაძლებელია? ასე თვლის, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შესაბამისი რუქის არსებობაზე დაყრდნობით… წნელისში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას  მღელვარება მოჰყვა, ანალოგიური ზომები სხვა ლოკაციებზეც რომ იქნას მიღებული...

- ეს უნდა ჰკითხოთ შს სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

- კომუნიკაცია არ გაქვთ მათთან, ქალბატონო ქეთი?

- როგორ არ მაქვს, მუშაობენ, დგამენ იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა, რათა ეს “ცოცხალი” პრობლემა რაღაცნაირად შევაკავოთ. უბრალოდ ამის აფიშირებას ვერ გააკეთებენ.   

- თავის დროზე ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის რეკომენდაცია, საოკუპაციო ხაზისგან დაგვეშორებინა საპოლიციო საგუშაგოები. დღეის გადმოსახედიდან, ამ ახალი “ცოცხალი პრობლემის” გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო?

- თქვენ ახლა ძალიან ძველ ამბავს მიყვებით.

- დიახ, მაგრამ როგორც ვნახეთ, ეს დღესაც აქტუალურია...

- იარაღის მიშვერა და დაძაბულობა არ გვჭირდება, - ამ თვალსაზრისით, ეს შესაძლოა, სწორი ყოფილიყო...

- მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა, როცა პოლიციელს ხედავს, ბევრად უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ხოლო თუ ვიდეოკამერებიც დგას, ოკუპანტებიც ალბათ, უფრო ერიდებიან ღია კონფრონტაციას...

- ჩვენ კეთილსინდისიერად შევასრულეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც და იმ მემორამდუმებით გათვალისწინებული პუნქტებიც, რომლებიც შესაბამის უწყებებს აქვთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან. პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარე არ ასრულებს. სწორედ ეს ქმნის პრობლემას და არა ის, რომ ჩვენი შეცდომაა რაღაც. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არის, რომ არ იყოს ცეცხლი და მეორე - ჩვენ ეს პრობლემა დავძლიოთ. ეს არის უმძიმესი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზა. ამ გზაზე გვიწევს უამრავი ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მთავარი ხაზია უსაფრთხოება და მოსახლეობის კეთილდღეობა.

გუშინ მე მქონდა გამყოფი ხაზების კომისიის სხდომა მაია ცქიტიშვილთან [ვიცე-პრემიერი/ინფრასტრუქტურის მინისტრი] ერთად. მეოცე სხდომა გვქონდა და შევაჯამეთ, რა გაკეთდა. მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია: ბევრი რამ გაკეთდა და გარკვეულწილად ამას მოსახლეობა უკვე გრძნობს. საჭიროებები, რა თქმა უნდა, უფრო ბევრია. შევთანხმდით, მომავალში რა უნდა გავაკეთოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტუდენტები დავაფინანსოთ [გამყოფ ზოლთან არსებულ სოფლებში მცხოვრებნი]. წლიდან წლამდე მათი რაოდენობა იზრდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სოფლები არ იცლება. არის სოფლის მეურნეობის პროექტებიც. ოჯახები მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას გათბობისთვის. ნელ-ნელა კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სოფლები გაძლიერდნენ. ეს არის სტრატეგია. ამ დეტალებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ის, რაც დღეს შეგვიძლია, არის ის, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც პროცესი აზარალებს.

- რაც შეეხება ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავებას. საკმაოდ უჩვეულო ინციდენტი იყო, თანაც მომხდარი თავად ოსურმა მხარემ გაახმაურა. თქვენ რას უკავშირებთ ამას?

- ეს იყო ძალიან პროვოკაციული მოქმედება და შემდეგ ამის გაცხადება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მანდატით არათუ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება. [ოკუპანტების] მოქმედებები ძალიან გამომწვევია, რაღაცნაირად ტემპერატურის აწევაზეა მიმართული. მსგავსი რამ ხდება, როდესაც ან შიგნით მიდის რაღაც პოლიტიკური პროცესი (მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია) და საზოგადოება მეტად მგრძნობიარე ხდება... როგორც ჩანს, ცდილობენ, დაძაბულობის მუხტი გაიზარდოს.

- როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავება რაღაც ახალ მუხტს შესძენს მიმდინარე პროცესს, დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს იმის გააზრებაში, თუ რა პრობლემებთან გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება და იგივე რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით რაიმე სიახლეს მოგვცემს?

- ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია ძალიან მძაფრი რეაქციები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების დიალოგი და ამ დროს მსგავსი რამ ხდება [მონიტორების დაკავება]... მკაფიო განცხადებები გაკეთდა. უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საერთოდ არ მომხდარიყო, მაგრამ ეს, ალბათ ადასტურებს, რომ ამ პროვოკაციულ მოქმედებებს საზღვარი, დიფერენციაცია არ აქვს. ჩემთვის თანაბრად მნიშვნეოვანია ევროკავშირის მონიტორი და ჩემი მოქალაქე. ჩვენი მიზანია, სხვების მგრძნობელობაც ამაღლდეს, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი “გაყინული” კონფლიქტი, ეს არის ძალიან “ცოცხალი”, მიმდინარე საფრთხე, რომელიც კონკრეტულ სახელ-გვარებზე, მათ ოჯახებსა და ბედზე გადის. ოთხი ახალგაზრდა  [ბაშარული, ტატუნაშვილი, ოთხოზორია, კვარაცხელია] დაიხოცა, ერთი ქალბატონი [მარტიაშვილი] შესაძლოა, დღეს ცოცხალი ყოფილიყო... სპეკულაციაა, მაგრამ რომ მისცემოდა [დე ფაქტო საზღვრის] გადმოკვეთის საშუალება, რასაც ოჯახი ადგილზე ითხოვდა, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ სხვა მექანიზმები ჩაგვერთო. როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, ამაზე მაღალი ფასი არ არსებობს. ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მსოფლიოში დღეს იმდენი უბედურება ხდება, იმდენი ცეცხლია, რომ ძალიან რთულია ყურადღების კონცენტრირება, საქართველო კი ამას ახერხებს, ისე, რომ აქ არ იყოს ომი და უბედურება. დიპლომატიური, სამართლებრივი, პოლიტიკური ჩართულობითა და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, რომლითაც ადამიანზე და მის დახმარებაზე, გამოსავლების ძებნაზე ვართ ორიენტირებული, ვახერხებთ ამას და მგონია, რომ ეს სწორი გზაა.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"