CNBC – აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა

აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის, – იუწყება CNBC ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„ვაშინგტონმა ანკარას დაახლოებით ორკვირიანი ვადა მისცა და განუცხადა, რომ თუ რუსულ სისტემებს შეიძენს მის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს“, – იუწყება CNBC.

გამოცემის ცნობით, რუსული სისტემების სანაცვლოდ აშშ თურქეთს ამერიკული კომპანია ”Raytheon”-ის კომპლექსების შეძენას სთავაზობს.

მოგვიანებით, აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანკარა ამერიკული სანქციებისთვის მზად არის.

„რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ს შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონი სანქციებით გვემუქრება. ანკარა ამერიკული სანქციებისთვის მზად არის“, – განაცხადა აკარმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ F-35 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლები, ასევე იქნება თურქული არმიის შეიარაღებაში.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp