ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მე-13 საუკუნის სამლოცველო დაარბიეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს. ბოლო შვიდ თვეში ეს სამლოცველოს დარბევის მეორე შემთხვევაა. 

ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის წარმომადგენლის ნაირ მელიქიანის ინფორმაციით, სამლოცველოს დარბევის ფაქტი 3 ნოემბერს აღმოაჩინეს. მისივე ცნობით, სამლოცველო ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დაასუფთავეს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამავე მუხლით საქმე აღიძრა სამლოცველოს პირველი დარბევის ფაქტზეც, რომელიც 2019 წლის 3 აპრილს მოხდა, თუმცა, გამოძიებას რაიმე შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის სამლოცველოთი სარგებლობენ სომხური სამოციქულო ეკლესიის და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი