ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს მიმართავს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს მიმართ გამოთქმული ინტერესის მიზეზებზე, მის გეგმებზე საუბრიბს და ბიზნესმენებს მიმართავს. 

"წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება...ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ [აბასთუმანში]დღეს „პარაგრაფთან“ ერთად, 5 ახალი, მაღალი დონის სასტუმრო შენდება...აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია...

დარწმუნებული ვარ, აქაც [წყალტუბოში] აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება.

სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს.

მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს.

იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით.


წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. 

ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე, და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს. 

რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში! 

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება.

თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. 

რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ.

იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში.

როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შესაძლოა სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს.

მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი",- აცხადებს ივანიშვილი entrepreneur.com-თან ინტერვიუში.  

ამასთან, ივანიშვილის თქმით, მზადაა, გასაყიდად გამოიტანოს როგორც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფი", ასევე "პანორამა თბილისის" შემადგენლობაში არსებული სასტუმროები:

"ავიღოთ, თუნდაც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა. შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი, მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს". 

სტატიის ბოლოს კი ნათქვამია, რომ "პანორამა თბილისის" გასხვისება შესაძლებელი იქნება 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებით.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზოიძე "ქართულ ოცნებას" პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს