„გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოვუწოდებ, ახალგორელი ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოვუწოდებს, ახალგორელი ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან.

„თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის: ახალგორის ოკუპირებულ რაიონში 60 წლამდე ასაკის ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.  

გასულ თვეში, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მარგო მარტიაშვილს თბილისში ჰოსპიტალიზებისთვის დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს