პეტრე ცაავა: "პრეზიდენტი ფარისევლობს"

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს". ამის შესახებ ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ დაფრანგულობის გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკმაყოფილებლად, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. რადგან პრეზიდენტი აცხადებდა, რომ შეურაცხყოფილია და პატრიარქის შეურაცხყოფას გმობს. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას მორალური პასუხისმგებლობა, უშუამდგომლა, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი უარს იტყვის მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე, წმინდა სინოდმა იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.

„მაგრამ საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატივა. საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მისწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან მიზეზი შუამდგომლობისა იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ​არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ. შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი, ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა. მაგრამ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროს არ მიმართავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აკიდებს პრეზიდენტს. მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, გუშინდელი განცხადება საკმარისია, როცა ის მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისკენ.

​გამოდის, რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს. სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს. ის ამით შეურაცხყოფას აყენებს არამარტო პატრიარქს, არამედ მთელ წმინდა სინოდს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"