IDFI - 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემებით, 2018 წელს თბილისის მერიაში თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა. 

IDFI–ს ანგარიშის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 000 ლარით შემცირდა.

IDFI–ს ცნობით, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) წლებია აკვირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებისა და ბიუროკრატიული ხარჯების პოლიტიკას. მაგალითად, 2017 წელს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა - თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები 2011 - 2016, სადაც მიმოხილული იყო 6 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში მერიასა და საკრებულოში საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების დინამიკა. ასევე შესწავლილ იქნა, მუნიციპალიტეტში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკა, ავტოპარკის განკარგვისა და წარმომადგენლობითი ხარჯების პრაქტიკა.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2017 და 2018 წლების მონაცემები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ასევე, ფარავს ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა მივლინებების, საწვავის მოხმარების და სარეკლამო ხარჯებს. კვლევა ეფუძნება ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში არასრული ინფორმაციის მიღების გამო, გარკვეული მონაცემების დამუშავება და შედარება ვერ მოხერხდა.

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.
  • 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.
  • საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2018 წელს 461 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება 171 ათასი ლარით შემცირდა.
  • მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
  • თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული.
  • მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს