დე ფაქტო საზღვრის ბლოკირებიდან ორი თვე გავიდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით გადასასვლელების ბლოკირებიდან ორი თვე გავიდა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მიმართავს. 

„დღეს შესრულდა 2 თვე, რაც გზა დაიკეტა. სხვათაშორის მოტყუებით- ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ერთი დღე- 5 სექტემბერი ეწერა. გაფრთხილების გარეშე, რომ მეტი ადამიანი გამომწყვდეულიყო აქ. გზის გახსნის პირობად ანატოლი ბიბილოვი წნელისის პოსტის აღებას ითხოვს, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები 3 თვის განმავლობაში აკეთებდნენ- გაჰყავდათ გზა ტყეში, მაგრამ ხელისუფლებამ მხოლოდ გახსნისას "შენიშნა", ისიც ოპონენტების პასუხად და რეპუტაციის გამოსასწორებლად. ფიქრობს, თუ ჩვენ მძევლად აგვიყვანს, ქართული მხარე პოსტს მოხსნის. ეს ასე არ იქნება, რადგან მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებამდე, ქართულმა მხარემ ჩვენი ტყვეობა არც კი შეიმჩნია თუნდაც შაბლონური განცხადდბების დონეზე, არათუ ვინმესთან გამოსავლის ძიებაზე დაეწყო საუბარი. არ უშვებენ ადგილობრივ მძიმე ავადმყოფებსსაც კი  თბილისში, რადგან ბიბილოვი ფიქრობს, ვიმანიპულირებ ადამიანების სიცოცხლით და გახსნიან. ქართული მხარე კი ალბათ ფიქრობს- რაც მეტი მძიმე შემთხვევა. დაფიქსირდება, მით უფრო სამარცხვინოდ წარმოვაჩენ მათ. რაც დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უარესი ბიბილოვისთვის, მით უკეთესი ქართული  ხელისუფლებისთვის- პოლიტიკურად, ხალხი ზარალდება- ჩვენ საკუთარ ტყავზე ვცდით ყველა სიმძიმეს. ანატოლი ბიბილოვის ადგილას, დავთმობდი და გზას გავხსნიდი. ეს თქვენ გჭირდებათ, ანატოლი ილიჩ, თქვენივე რეპუტაციისთვის“, – წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას პირველი მსხვერპლი უკვე მოჰყვა. გასულ თვეში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მარგო მარტიაშვილს თბილისში ჰოსპიტალიზებისთვის დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

ცნობისთვის: გადასასვლელების ჩაკეტვას ოსურმა მხარემ ქართული საპოლიციო საგუშაგოს წლელისში გახსნას უკავშირებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული რიგით მეექვსე შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანია ნატო-სთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის