წყვეტს თუ არა პროკურატურა გამოძიებას მაჩალიკაშვილის საქმეზე - გენპროკურატურის პოზიცია

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა, შეწყდეს, არ ადასტურებენ.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – ირწმუნებიან გენერალურ პროკურატურაში.

მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დავის გასაგრძელებლად სჭირდება. 

ცნობისთვის: “ინტერპრესნიუსი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შესაძლოა, შეწყდეს. 

როგორც სააგენტო წერს, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი საქმის ობოექტურ გამოძიებას ამ დრომდე ითხოვს. მათი ცნობით, ახალგაზრდა საწოლში მძინარე მოკლეს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"