ორკომპონენტიანი მოდელი დათქმით – საქართველოს გზა ნატო-ში გასაწევრიანებლად

ინტერვიუ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტ  ბათუ ქუთელიასთან.



- ბატონო ბათუ, ერთ–ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, «ნატო–ში შესვლის გზებს ვეძებთო». თუ შეიძლება, უფრო დეტალურად მოგვიყევით ამის შესახებ...

–დიახ, ვგულისხმობ „Heritage Foundation“–ის მკვლევარ ლუკ კოფის 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს. კულუარულად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობა 5–6 წლის წინ  დავიწყეთ. ვამუშავებდით საკითხის სამართლებრივ, პოლიტიკურ მხარეს, განვიხილავდით სხვადასხვა ფორმებს  და როდესაც მივიჩნიეთ, რომ მივაგენით [საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების] «ტყვიაგაუმტარ» და, რაც მთავარია, შესრულებად კონცეფციას, „Heritage Foundation“–მა და ლუკ კოფიმ დიდი ანგარიში გამოაქვეყნეს. მოგვიანებით ეს გეგმა უკვე ნატო–ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააჟღერა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც ნებისმიერი ახალი, ინოვაციური იდეა გადის, რათა შემდეგ იგი გარკვეული ფორმით გახდეს შესრულებადი.

კოფის მიერ წარმოდგენილი გეგმა მართლაც ყველაზე კარგი, თანაც რეალიზებადი კონცეფციაა,   ამიტომ ამ პროცესს სჭირდება უფრო მეტი მხარდამჭერი და მთავრობის მხრიდან აქტიური ჩართვა, რათა იგი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად ვაქციოთ.

– 2018 წელს ბ-ნმა კოფიმ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზის წარდგენისას გერმანიის ანალოგია ახსენა, ამჯერად კი – აშშ-ჰავაის კუნძულებისა და ბრიტანეთი-ფოლკლენდის. ამან გააჩინა განცდა, რომ საუბარია ორ სხვადასხვა მოდელზე. თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, რას გულისხმობს თქვენს მიერ ბ-ნ კოფისთან და სხვა პარტნიორებთან ერთად შემუშავებული მოდელი...  

–ჩვენი კონცეფცია შედგება ორი კომპონენტისგან: პირველი – ეს არის ორ ტერიტორიულ ნაწილად გაყოფილი ქვეყნის შესვლა ნატო–ში (გერმანიის მოდელი), მეორე დაშვება კი არის ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლის არგავრცელების პრეცედენტი (ამის მაგალითია ჰავაის და ფოლკლენდის ქეისები).  ჩვენი კონცეფცია ამ ორი კომპონენტის კომბინაციას მოიცავს და ემატება დათქმა, რომ მეხუთე მუხლის არგავრცელება იქნება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით არ აღდგება.

– დღეს ჰავაი ოფიციალურად აშშ–ის ტერიტორიადაა აღიარებული, ანალოგიურად ფოლკლენდი – დიდი ბრიტანეთის ტერიტორიად. შეერთებული შტატებიც და დიდი ბრიტანეთიც ნატო–ს წევრი ქვეყნებია, თუმცა ჰავაისა და ფოლკლენდის კუნძულებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი არ ვრცელდება. ბატონი კოფი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მეხუთე მუხლის არგამოყენების ნაწილს უფრო მიესადაგება ჰავაის და ფოლკლენდის პრეცედენტი. თუ შეიძლება, დეტალურად რომ განუმარტოთ მკითხველს, რატომ მიესადაგება საქართველოს გერმანულზე უფრო მეტად ჰავაისა და ფოლკლენდის კუნძულების შემთხვევები?

– დიახ, კოფი მართალია, როცა აცხადებს, რომ სამართლებრივად, ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლის არგავრცელების თვალსაზრისით საქართველოს ჰავაის და ფოლკლენდის ქეისები მიესადაგება. ვიმეორებ – სამართლებრივად, მეხუთე მუხლის არგამოყენების ნაწილში. გერმანიის შემთხვევაში მეხუთე მუხლის გამოყენება/არგამოყენებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, საუბარი იყო ქვეყნის ნახევრის ალიანსში შესვლაზე, ოღონდ ისე, რომ გერმანია არ ამბობდა უარს მისი ტერიტორიის მეორე ნახევარზე.  რაც შეეხება ჰავაის და ფოლკლენდის ქეისებს, ისინი შევიდნენ ალიანსში იმ დათქმით, რომ მათზე წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდებოდა.  

ჩვენ ტერიტორიულ ნაწილში ავიღეთ გერმანიის პრეცედენტი, მეხუთე მუხლის არგამოყენების ნაწილში კი - ჰავაის და ფოლკლენდის ქეისების სამართლებრივი პრეცედენტი. ანუ, საქართველოს შემთხვევაში ამ ორ  კომპონენტს ვაერთიანებთ, მაგრამ ამასთანავე, ვაკეთებთ დათქმას, რომ მეხუთე მუხლის არგამოყენების დაშვება იქნება მანამდ, სანამ საქართველო მშვიდობიანად არ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ზოგადად, ნატო–ში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია.  საერთაშორისო ურთიერთობებში ზუსტად „ქოფი–ფეისთი“ არ ხდება. საქართველოს შემთხვევაში ავიღეთ ეს ორი კომპონენტი და მათ დაემატა ხსენებული დათქმა მეხუთე მუხლთან დაკავშირებით.

– ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადება, „ახლა არ არის შესაფერისი დრო ამ საკითხის განხილვისთვისო“...  

–მიმაჩნია, რომ შენ უნდა მოახდინო იდეის კულტივაცია, შემდეგ განიხილო ეს იდეა ანალიტიკურ წრეებში, ცალკე დედაქალაქებში. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნატო მზად ამ საკითხის თავის დღის წესრიგში დასაყენებლად. წელს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ასეთი ისტორია: „როდესაც გადავწვიტეთ, რომ გვინდოდა ალიანსში გაწევრიანება და ეს ჩვენი სურვილი ბრიუსელში ერთ–ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე გავაჟღერეთ, პირდაპირ გვითხრეს, „თქვენ არ გესმით, ნატო სულ სხვა ორგანიზაციაა და ლიეტუვა ვერასოდეს გახდება მისი წევრიო“. ამის შემდეგ  ხელი კი არ ჩაგვიქნევია, აქტიურად ვმუშაობდით მიზნის მისაღწევადო“... მათ აქტიურად იმუშავეს ვაშინგტონშიც, ბერლინშიც, ბევრ სხვა დედაქალაქშიც და ბოლოს გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრი. ანუ, აპატურაიმ განაცხადა ის, რაც უნდა განაცხადოს, რადგან ეს არის მისი ფუნქცია და როლი, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრავთ იმას, რა გვინდა ჩვენ. ამასთან, ჩვენ ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიღებული გვაქვს პოლიტიკური პირობა, რომ გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი და ამ მიზნის მისაღწევად უკვე ასე უნდა ვიმუშავოთ, ცალკე - ანალიტიკურ წრეებთან, ცალკე - პოლიტიკოსებთან, ცალკე - დედაქალაქებთან, შემდეგ ეს გახდება ჯერ ნატო–ს დღის წესრიგის ნაწილი და შემდეგ ალიანსის პოზიციაც. აკადემიურად დამუშავებულ საკითხს პოლიტიკურ რანგში გადაყვანა სჭირდება. ამას კი სჭირდება პოლიტიკური ლიდერშიფი იმ ქვეყნიდან, რომლის გადასაწყვეტიც არის.  

–ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან ვინმეს თქვენთან კონტაქტი ამ საკითხზე?

–არა,  საქართველოს მთავრობას ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

– თქვენი ინფორმაციით, აპირებს მთავრობა ამ კონცეფციის მიმართლებით მუშაობას?

 – მე ვნახე მათი რეაქციები ამ კონცეფციის შესახებ: შარშან, როცა ლუკ კოფის ანგარიშის პრეზენტაცია გვქონდა, მოვიწვიეთ საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც, რომელმაც ამ იდეაზე საერთოდ არაფერი თქვა, ხოლო მოგვიანებით, როცა ამ თემაზე კითხვები დავუსვით, გაღიზიანდა ამის გამო. ნათელი იყო, რომ  მთავრობას ეს თემა აღიზიანებდა.  წელს, როცა თბილისში გამართულ კონფერენციაზე რასმუსენმა გააჟღერა ეს ინიციატივა უკვე კვაზიპოლიტიკურ დონეზე, მთავრობამ ირმა ინაშვილი გამოაგზავნა დებოშის მოსაწყობად... ჩვენს ქვეყანაში ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის თითქმის 80% უჭერს მხარს და თუ მთავრობა არ იღწვის იმის მისაღწევად, რაც მოსახლეობის თითქმის 80%-ს სურს, მაშინ ის შესაცვლელია. ასე, რომ ამ მხრივ ერთადერთ გამოსავალს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებში, ეფექტური მთავრობის მოსვლაში ვხედავ.

– და ბოლოს, ბატონო ბათუ, რამდენად შესაძლებელია, ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედოს და თბილისისთვის ერთგვარი ფანჯარა გაჩნდეს ალიანსში ინტეგრაციის კუთხით?

–ვთვლი, რომ ეხლა, როგორც არასდროს, ახლოს ვართ ნატო–სთან.

–რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– სწორედაც რომ გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილება. ზოგადად, ასე ხდება ხოლმე: მნიშვნელოვანი წინგადადგმული საინტეგრაციო ნაბიჯები სწორედ დიდი გეოპოლიტიკური ძვრების დროს იდგმება. ოღონდ ამ გეოპოლიტიკური ძვრების დროს შენ, როგორც ქვეყანა, მზად უნდა იყო და გქონდეს მწყობრი პოლიტიკა, ხედვა, რომ ეს შენს სასარგებლოდ გამოიყენო. ეხლა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების ფოკუსი ჩვენს რეგიონზეა მომართული და შანსი უნდა გამოვიყენოთ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"