პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ახალგორის კრიზისზე მყისიერი რეაგირებისაკენ მოუწოდა

ბათუმში მიმდინარე  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შექმნილ კრიზისზე ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისაკენ მოუწოდა.

„მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა – მარგო მათიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე – თამარ გიგაური იბრძვის სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი. მინდა, ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტიანი გადაწყვეტის გზები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ადეკვატური პასუხის არარსებობა სიტუაციაში, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას: 

"მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს".

ცნობისთვის: დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას პირველი მსხვერპლი უკვე მოჰყვა. გასულ თვეში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მარგო მარტიაშვილს თბილისში ჰოსპიტალიზებისთვის დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

გადასასვლელების ჩაკეტვას ოსურმა მხარემ ქართული საპოლიციო საგუშაგოს წლელისში გახსნას უკავშირებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. მათ შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული რიგით მეექვსე შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ასევე: ახალგორი დღეს - შვილებს დედის დასატირებლად არ უშვებენ

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შიმშილი დაიწყო

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"