ია კერზაიას ვაჟმა საქართველოს სტრასბურგში უჩივლა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

ბაჩანა შენგელიას იმედი აქვს, რომ მთავრობა ევროსასამართლოსთვის „თავისი საცეცების მიწვდენას“ არ ეცდება.

„არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა არ ეცდება თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა