კრემლი: „აშშ–ის ულტიმატუმის მიუხედავად, რუსულ–თურქული გარიგება მაინც განხორციელდება“

რუსეთის პრეზიდენტიდ პრეს–მდივნის განცხადებით, აშშ–ის ულტიმატუმის მიუხედავად, თურქეთისთვის რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების მიყიდვის თაობაზე გარიგება მაინც განხორციელდება.

„ჩვენ მსგავს ულტიმატუმებს მიუღებლად მივიჩნევთ. თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მიერ კეთდება უამრავი განცხადება, რომ S-400–ების გარიგება უკვე ფინალურ ფაზაშია და ის მაინც განხორციელდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის:  CNBC–ს ინფორმაციით, აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანი სირიასა და თურქეთს ინიციატივით მიმართავს