ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს: "განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს"

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა". 

გიორგი გახარიამ მიხეილ ბატიაშვილს  გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს. 

"გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა