ახალგორის ოკუპირებულ რაიონში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო გულით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი იუწყება.

“უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს მედიცინაში. როცა მჭირდება სასწრაფო დახმარების გამოძახება, ჯერ ვკითხულობ, რომელი ბრიგადაა მორიგე და ყოველთვის არც ვიძახებ: ზოგი გინდ გამოიძახე, გინდ არა ... “გუგლში” სიმპტომების ძებნა და გამორიცხვის მეთოდით დიაგნოზის დასმა მეც შემიძლია... არაფერი კეთდება, რომ საშუალო სიმძიმის ავადმყოფს აქ გადარჩენის იმედი ჰქონდეს. გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა გულით - საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში, თუმცა ორი დღე ჰქონდა ტკივილები. იმას, რომ ბოლო პერიოდში გულთან დაკავშირებული პრობლემა ყველას გვაწუხებს, სტრესულ ფონს ვუკავშირებ და ადგილზე კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას რომ ვერ იღებ, ხელისუფლების ბრალია: ის უსმენს ადგილობრივ ხელმძღვანელებად დანიშნულ კრიმინალებს, რომლებიც საკადრო და სამედიცინო ცვლილებებს ისე გეგმავენ/ახორციელებენ, შედეგზე არც ფიქრობენ” - წერს სოციალურ ქსელში მეარაყიშვილი.

გარდაცვლილის დედა წეროვანში იმყოფება და უცნობია, მისცემენ თუ არა მას შვილის დატირების საშუალებას. 

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი თვეა, დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტილია. შედეგად ოკუპირებული რაიონის მაცხოვრებლები სამედიცინო დახმარების მისაღებად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან. ამას მოჰყვა პირველი მსხვერპლიც: ინსულტით გარდაიცვალა მარგო მარტიაშვილი, რომლის დე ფაქტო საზღვარზე გადმოშვებას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა. ახლა უკვე რამდენიმე დღეა, იმავეს უშედეგოდ ითხოვს ჭაში ჩავარდილი ხანდაზმული ადგილობრივი ქალბატონის ოჯახიც.

ოსური მხარე დე ფაქტო საზღვრის გახსნის პირობად წნელისის ქართული საგუშაგოს ლიკვიდაციას ასახელებს. თბილისი ამ პირობის შესრულებას არ აპირებს. აღნიშნული მთავარ თემას წარმოადგენდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ უკვე 6 ტექნიკურ შეხვედრაზე, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"