"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და ვიმედოვნებ, პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება"

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მან განათლების მინისტრის თანამდებობა "პირადი მიზეზის" გამო გადადგა.  

"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, იგი კვლავ საგანმანათლებლო სფეროში გაგრძელებს საქმიანობას:

"ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას. ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად".

ცნობისთვის: მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. 

როგორ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა". 

გიორგი გახარიამ მიხეილ ბატიაშვილს  გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს. 

"გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა