„მივესალმები სტრასბურგში ია კერზაიას საქმის გაგზავნას“

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, განთელბის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მისი გადაწყვეტილება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას არ უკავშირდება. 

„სადღაც საბუთების გაგზავნა ვერ დაუკავშირდება ამას, თუმცა მე შემიძლია პირადად გითხრათ, რომ მივესალმები სტრასბურგში ამ საქმის გაგზავნას”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს. მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნულ პოსტს 2018 წლის 12 ივლისიდან იკავებდა.

ცნობისთვის: ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა