თბილისში ეროვნული კონფერენცია „მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოს მებაღეობაში“ გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ეროვნული კონფერენცია „მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოს მებაღეობაში“  მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის აქტიური მხარდაჭერისთვის. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მეხილეობის დარგის განვითარების პოტენციალზე და ამ მიზნით, სახელმწიფოს მიერ  შემუშავებულ და  განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

„წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  მებაღეობის  მიმართულების განვითარებას. თუმცა  დღეს,  ქართული სოფლის მეურნეობა უკვე თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც მაღალ ღირებულებათა სეგმენტში შევა. უნდა განვითარდეს  ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ბაზარზე, პირველადი წარმოების პროდუქტებთან ერთად, გადამუშავებული, საბოლოო სახის პროდუქციაც უნდა იყოს   წარმოდგენილი. ვფიქრობ, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, აღნიშნული მიმართულებით პოზიტიურ შედეგს მალე მივაღწევთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.  

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მებაღეობის განვითარების პერსპექტივები და  სექტორში არსებული საუკეთესო საინვესტიციო მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო კაკლოვანი კულტურების, კენკრის  და სუფრის ყურძნის განვითარების პოტენციალს, ასევე საქართველოს, როგორც ახალი ხილისა და ბოსტნეულის ლოგისტიკურ ჰაბად ქცევის პერსპექტივას.

ღონისძიებას ფერმერები, ხილის მწარმოებლები, ქართული და საერთაშორისო დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

კონფერენცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის EU4business ინიციატივის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა