ერდოღანი ევროკავშირს ისევ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ევროპას კვლავ აფრთხილებს, რომ მისი ქვეყანა ევროპასთან საზღვრებს გახსნის დევნილებისთვის, თუკი ევროკავშირის მხრიდან სათანადო მხარდაჭერას არ მიიღებს.

„მოვა დახმარება, თუ არა, ჩვენ სტუმრებს მაინც დავეხმარებით, მაგრამ გარკვეულწილად. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც გავხსნით საზღვრებს. ამის შესახებ ადრეც ვისაუბრე. ჩვენ შევიმუშავეთ სირიელთა დასახმარებელი დიდი პროექტი, მაგრამ არ შეგვიძლია, ამოცანას მარტო გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ერდოღანმა უნგრეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან ელოდება სამხედრო ოპერაციის - „მშვიდობის წყაროს“ შედეგად, თურქეთის კონტროლის ქვეშ გადასულ სირიის ტერიტორიაზე დევნილთა დაბინავების საკითხში დახმარებას.

„თქვენ ჩვენ დაგვეხმარებით, ჩვენ კი იქ ავაშენებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მოდით, ეს პროექტი ერთად განვახორციელოთ და ადამიანები დაბრუნდნენ თავის სამშობლოში. მზად ვართ ასეთი სამუშაოსთვის“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა