„რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“

გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის წერილს სახელწოდებით „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“. 

წერილში, ჩუგოშვილი საუბრობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნავს, რომ "ამერიკის პრეზიდენტს ძლიერი, რეფორმებზე ორიენტირებული და მზარდი საქართველო დახვდება". 

ჩუგოშვილი ჟურნალისტ თომ როგანის მოსაზრებას აკრიტიკებს, რომ საქართველოში რუსეთს „ახალი შესაძლებლობები აქვს“ და აცხადებს, რომ „ტრამპი საქართველოში იმ ჯარისკაცებს შეხვდება, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში“. 

„ტრამპი აღფრთოვანდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით, სადაც ყოველი გლობალური ინდექსი ქართული ბიზნესის დემოკრატიულ ღიაობასა და მეგობრულ განწყობაზე მიუთითებს. საქართველოს მთავრობამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქვს ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ოპოზიციის საუბარი, რომ რუსეთი გარკვეულწილად იბრუნებს გავლენებს საქართველოში არალოგიკური და უსაფუძვლოა“, -აცხადებს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის წერილს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპი საქართველოში "აღმოაჩენს ოლიგარქს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ისაკუთრებს ყველა მის რესურსს, რომელიც მზადაა იყიდოს ყველა და ყველაფერი, ვინც მიეყიდება და მოგუდოს ისინი - ვინც არ იყიდება!".

"რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? აღმოაჩენს ოლიგარქს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ისაკუთრებს ყველა მის რესურსს, რომელიც მზადაა იყიდოს ყველა და ყველაფერი, ვინც მიეყიდება და მოგუდოს ისინი - ვინც არ იყიდება! აღმოაჩენს ჯიბის მართლმსაჯულებას, ლეგიტიმური პროტესტისთვის თვალდათხრილ ადამიანებს, სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, შევიწროვებულ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას და ტროლ-ბოტების ქარხანას! აღმოაჩენს ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთისთვის ფართოდ გაღებულ კარებს, რომ რბილი ძალით დანარჩენ 80%-საც დაეპატრონოს! აღმოაჩენს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომელსაც საარჩევნოდ 20 ლარად უპირებენ შესყიდვას! აღმოაჩენს მოლაპარაკების ოთახებიდან გაგდებულ ინვესტორებს, წნეხის ქვეშ გატარებულ ბიზნესმენებს, მოშიმშილე ბავშვებს, სასოწარკვეთილ მათ მშობლებს და კომბლიან კაცებს, ვინც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების ნაცვლად, ფილმებს დასდევს!

კიდევ რას აღმოაჩენს ტრამპი?

კიდევ აღმოაჩენს ულამაზეს საქართველოს, უზარმაზარი შესაძლებლობებით სავსე ქართველ ხალხს, უნიჭიერეს მეცნიერებს, იურისტებს, ექიმებს, IT სპეციალისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, რომელსაც განვითარების შესაძლებლობებს უკეტავს ოლიგარქიული მმართველობა, აღმოაჩენს გამრჯე და წესიერ ადამიანებს, ვის მხრებზეც სინამდვილეში დგას ეს ქვეყანა, აღმოაჩენს ქართველ სამხედროებს, ვინც ტოლს არ უდებს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილით, აღმოაჩენს თავისუფლების მოყვარე ერს, რომელიც მისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ მოდრიკეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს! რომელიც არ მოითმენს დამცირებას, დაჩაჩანაკებას, მაჩანჩალობას და შინაურ თუ გარე მტერს საკადრის სილას გააწნის, მალე!

ეს ხალხი დაიბრუნებს დამოუკიდებლობის აღდგენის დროინდელ სიხარულს, შემართებას და იტყვის - გაერთიანების და გამარჯვების დროა!", – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"