ლევან აკინი: "მუქარები მივიღეთ, სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები" (ვიდეო)

ნიუ-იორკში ლგბტქ ფილმების ფესტივალზე ლევან აკინმა მისი ფილმის ჩვენებამდე საუბრისას "and then we danced"-ის საქართველოში გადაღებები და ის სირთულეები გაიხსენა, რასაც წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორი აქ წააწყდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფილმის შინაარსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სიცოცხლის საფრთხის შემცველ მუქარებს იღებდნენ.


"თავდაპირველად ალტერნატიული ისტორია გვქონდა ფრანგი ტურისტის შესახებ, რომელიც საქართველოში ჩადის და ქართულ კულტურას ეცნობა. ეს ასე ვთქვათ, ოფიციალური ვერსია იყო ფილმის. გადაღებების დაგეგმვისას გარკვეულ ლოკაციებზე მუნიციპალიტეტის ნებართვა იყო საჭირო.

როგორღაც ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და მუქარებიც მივიღეთ, სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები. პრობლემები შეგვექმნა მაშინაც, როცა ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ვეძებდით და მათ ვთხოვეთ დახმარება. ასე უფრო მარტივი იქნებოდა. მათთან მივედი შეხვედრაზე შვედეთის საელჩოსთან შეთანხმებით. მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჯეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. მისი სახე შეიცვალა. რატომ ბიჭები, რატომ უყვარდებათ ბიჭებს ერთმანეთი. მან მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ბიჭები არ არიან.

გაკვირვებული ვიყავი, მან მითხრა რომ შეხვედრა დამთავრებულია. სხვათა შორის ის ამ დროს გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო. ახლა აღარ არის, დაითხოვეს. ვფიქრობ მათ მხარი უნდა დაეჭირათ ფილმისთვის, ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა. მათი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო",- განაცხადა ლევან აკინმა. 

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლუკაშენკო კრემლს აკრიტიკებს: "მსგავსი კავშირი არავის სჭირდება"