სანდრო ბრეგაძე: "ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, ჩავშლოთ ფილმის ჩვენება"

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლით კიდევ ერთხელ იმუქრება. 

„ქართული მარში“ თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ გეგმავს ე.წ. სირცხვილის დერეფნის და ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, რათა არ დაუშვას მაყურებლის დასწრება ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებაზე.

"16 საათზე დაიწყება "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუ გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, კინოთეატრის შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას. ბრეგაძის ინფორმაციით, მსგავსი საპროტესტო აქციები ბათუმშიც გაიმართება.

„ამ ფილის ჩვენება არ მოხდება. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ .

მისივე თქმით, „ქართული მარშს“ სრული მობილიზება აქვს საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან დაძრულია ხალხი:

„ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას არ აქვს უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან არ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქნელებზე. ეს არის გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, მოვიდეს და გარკვეული ძალადობრივი ქმედება ჩაიდინოს. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ დაიდგმება პერფომანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორე მამაკაცი ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგანდა იყოს საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ვიქნებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევს ფილმის მესვეურებს. მცირე ჯგუფი წავა სხვადასხვა კინოთეატრებსა და ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა“. 

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა